ილია დარჩიაშვილი: დარწმუნებული ვართ, რომ დღევანდელი დიალოგი შექმნის მყარ საფუძველს იმისთვის, რომ ეს პროცესი მომავალში გაგრძელდეს და ყველამ ერთად უზრუნველვყოთ მშვიდობა და უსაფრთხოება ჩვენს რეგიონში

დღეს განსაკუთრებული დღე იყო საქართველოში. თბილისმა უმასპინძლა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ვფიქრობ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თავად ფაქტს, რადგან სწორედ პირველად თბილისში შეხვდნენ ისინი ერთმანეთს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„აქ ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ საქართველო წლების განმავლობაში იყო ადგილი, სადაც მნიშვნელოვანი რეგიონული გადაწყვეტილებები მიიღებოდა. სწორედ თბილისმა დღეს მოირგო ეს ბუნებრივი როლი და ჩვენ ვუმასპინძლეთ 2 მეზობელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებმაც გახსნეს დიალოგი. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, დიპლომატიაში ყოველთვის არ ხდება ისე, რომ მოლაპარაკებების ერთი რაუნდით მიიღო კონკრეტული შედეგები. ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი დაიწყო და საქართველომ ძალიან აქტიური მხარდაჭერა გამოუცხადა ჩვენ მეზობელ ქვეყნებს. დარწმუნებული ვართ, რომ დღევანდელი დიალოგი შექმნის მყარ საფუძველს იმისთვის, რომ ეს პროცესი მომავალში გაგრძელდეს და ყველამ ერთად უზრუნველვყოთ მშვიდობა და უსაფრთხოება ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები