მსოფლიოს არც ერთი სახელმწიფო არ ქმნის ისეთ ტერორისტულ საფრთხეს, როგორც რუსეთი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთმა აჩვენა თავისი დამოკიდებულება საერთაშორისო სამართალთან, ევროპასთან და მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან.
„მსოფლიოს არც ერთი სახელმწიფო არ ქმნის ისეთ ტერორისტულ საფრთხეს, როგორც რუსეთი. მსოფლიოს არც ერთი სხვა სახელმწიფო არ აძლევს თავს უფლებას, რომ ყოველდღე გაანადგუროს მშვიდობიანი ქალაქები და უბრალო ადამიანის ცხოვრება საკრუიზო რაკეტებითა და სარაკეტო არტილერიით.
ჩვენს ქალაქ ვინიციაზე მხოლოდ ერთი სარაკეტო თავდასხმის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა. სამი ბავშვი ათ წლამდე. და ეს, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არის საბოლოო რიცხვი. ათეულობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. მძიმედ დაჭრილები საავადმყოფოში მოხვედრილთა შორის არიან.
რუსეთმა სამოქალაქო პირების სიცოცხლე სწორედ იმ დროს დაასრულა, როდესაც ჰოლანდიაში, ჰააგაში რუსეთის ომის დანაშაულებზე კონფერენცია მიმდინარეობდა.
არც ერთ სხვა ტერორისტულ ორგანიზაციას არ ჰქონია გამბედაობა იმისა, რომ კვლავ მოეკლა მაშინ, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება წინა დანაშაულებზე მსჯელობს.
რუსეთმა ამით აჩვენა თავისი დამოკიდებულება საერთაშორისო სამართალთან, ევროპასთან და მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან.
ამის შემდეგ, ეჭვი აღარავის ეპარება, რომ საჭიროა სპეციალური ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შესახებ, რაც შეიძლება მალე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.