ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ ახალშექმნილმა სამუშაო ჯგუფმა პირველი გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გამართა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საქართველოს სასამართლოებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გათვალისწინების საკითხთან დაკავშირებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა პირველი გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გამართა.

პარლამენტის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა და მასში როგორც სამუშაო ჯგუფის წევრები, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების, სასამართლო ხელისუფლების, აკადემიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის და ევროკავშირის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, 12-პუნქტიან გეგმაში ერთ-ერთი საკითხი უკავშირდება ეროვნული სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისპუდენციის პროაქტიულად, აქტიურად გამოყენებას. „ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ ისეთი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ხელს შეუწყობს ამ პროცესს. დღევანდელ შეხვედრაზე შემოთავაზებული იდეების საფუძველზე ისეთ საკანონმდებლო ნორმებს შევიმუშავებთ, რომელიც წაახალისებს საქართველოს სასამართლოებში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნების, მოსაზრებების, სტანდარტების, დებულებების უფრო აქტიურ იმპლემენტაციას”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებებისა და იდეების საფუძველზე მომზადდება საკანონმდებლო ინიციატივის პირველადი ვერსია, რომელზეც შემდგომში გაგრძელდება აქტიური საპარლამენტო განხილვები კომიტეტის და პლენარული სხდომების ფორმატში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები