კახა კალაძე: გვქონდა შესაძლებლობა, ბერნის მერთან ერთად, ხელი მოგვეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმისთვის, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს

“გვქონდა შესაძლებლობა, ბერნის მერთან ერთად, ხელი მოგვეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმისთვის, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ეს არის ურბანული განვითარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კულტურა, განათლება, ინფრასტრუქტურა”, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

“ძალიან კარგი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა გვაქვს. ბერნი განვითარებული ქალაქია, შვეიცარია ულამაზესი ქვეყანაა და, რა თქმა უნდა, მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის ინფრასტრუქტურის, ურბანული კეთილმოწყობის თვალსაზრისით. ეს მხარდაჭერა სხვადასხვა პროგრამისა და პროექტის განხორციელების ეტაპზე მნიშვნელოვანი იქნება. მინდა, მადლობა გადავუხადო ბერნის მერს მასპინძლობისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ჩვენ ქალაქებს და ხალხებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს”, – წერს კალაძე.

კალაძე სოციალურ ქსელში ბერნის მერის შეხედულებასაც აზიარებს.

“არ ვიცი, არსებობს თუ არა მეგობრობა ერებს შორის, თუმცა, მჯერა, რომ არსებობს მეგობრობა ხალხს და ქალაქებს შორის და ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ ჩვენ, ყველანი ევროპაში ვდგავართ ერთიან პრინციპებსა და ღირებულებებზე – ეს არის პატივისცემა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მიმართ. მჯერა, რომ რადგან ქალაქები უფრო ახლოს არიან მოქალაქეებთან, უფრო კარგად შეძლებენ, ამ ერთიანი ღირებულებების გარშემო ითანამშრომლონ. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ თბილისის და ბერნის ურთიერთობა მნიშვნელოვანია”, – ალეკ ფონ გრაფენრიდი, ბერნის მერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები