ეს დღე ზეიმად მისაჩნევია – ტარიელ ჭანტურია – 90
დღეს 90 წლის გახდა პოეტი ტარიელ ჭანტურია! ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ქართული პოეზია და სიტყვიერება, იმ სიხარულისა და ნეტარების გამო, რაც ტარიელ ჭანტურიასგან ახსოვს ქართველ მკითხველს, ეს დღე ზეიმად მისაჩნევია!
ჩემი თაობის ადამიანებისთვის, ვისი ახალგაზრდობაც 80-იან წლებს დაემთხვა, ტარიელ ჭანტურიას ყველა კრებული და ყოველი გამოჩენა ლიტერატურული პერიოდიკის ფურცლებზე იყო საზოგადოების თვალსაწიერის, მისი სააზროვნო არეალის გაფართოების საუკეთესო საშუალება. გარემომცველი სამყაროს შეფასების და პოეტური შესიტყვების ის სითამამე და თავისუფლება, რომელიც ამ პოეტს ბუნებრივად მოსდგამდა, სხვაგვარად აზროვნების სამანს უდებდა სათავეს ბრეჟნევისა და ანდროპოვის ეპოქის მკითხველში. მისი პოეზია თითქოს გამოღებული სარკმელი იყო, საიდანაც თავისუფლების სურნელს ვისუნთქავდით.
გარდა იმისა, რომ ტარიელ ჭანტურია არის ეპოქალური პოეტი, იგი არის ასეთივე რანგის რედაქტორი და ესეისტი.
გაზეთი „მამული”, რომელიც სამ წელს გამოიცემოდა (1989-1991 წლებში) მისი რედაქტორობით, დარჩება ქართული პერიოდიკის ყველაზე საგულისხმო გაზეთად, რომელმაც შეძლო ერის შეკვრა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეით. ამასთან ერთად, ეს იყო ყველაზე ევროპული ყაიდის გაზეთი, თავისი შინაარსით, მრავალფეროვნებით, პოლიგრაფიული იერით. მომავალში, როცა მიუბრუნდებიან წარსულის კვლევას, უფრო თვალცხადი გახდება ტარიელ ჭანტრიას, როგორც რედაქტორის, უბადლოება.
მისი წერილების სქელტანიანი წიგნი „დინოზავრიდან დიზაინამდე” (1991 წელი) კი არის საუკეთესო რამ, რაც რომელიმე ქართველი პოეტის ხელიდან გამოსულა. ასეთი სისხარტე და ამდენი უთვალავი ფერი მე სხვა პოეტის ესეისტიკაში არ მახსენდება. მიმაჩნია, რომ ეს კრებული არის სრული უნივერსიტეტი, ესეისტიკის ანი და ჰოე! მათთვის კი, ვისაც პუბლიცისტიკის ან ჟურნალისტიკის დაუფლება გადაუწყვეტია, წაიკითხეთ საფუძვლიანად ეს წიგნი და თქვენ გაივლით უმაღლეს კურსს, რომელსაც ვერცერთი აკადემიური სკოლიდან და ნაწრთობ პროფესორთა კოპუსისგან ვერ შეიმეცნებთ.
ტარიელ ჭანტურიას ლექსები აქტუალობას არ კარგავს, ჟამთასვლას არ ეპუება ანუ ზედროული მოვლენაა! ჩემი აზრით, ბოლო ოც წელიწადში შექმნილი მისი პოეზია, თავისი ხარისხითა და სულისკვეთებით დავით გურამიშვილთან ავლენს სიახლოვეს და მის გზას ღირსეულად აგრძელებს დღევანდელ ქართულ პოეზიაში. იუბილარის ლექსი, რომელსაც ჩემი მილოცვის ბოლოს მოვიტან, დღეს და გუშინ არ დაწერილა, კარგა ხანია არსებობს ბუნებაში, მაგრამ ნახეთ, როგორი თანამედროვეა, თითქოს წუხელ დაიწერა:
„შენ დღემუდამ ითვლი ფულს!
მე დღემუდამ ვითვლი პულსს!
მაინც შურით უცქერი
ტრაპეზს ჩემსას ღარიბულს!
რაც მე მიყვარს – ის შენ გძულს!
რაც შენ გიყვარს -ის მე მძულს!
შენ მხოლოდ ერთს – უვლი ხორცს!
მე მხოლოდ ერთს – ვუვლი სულს!
აი, ახლაც – მე ვთვლი პულსს!
აი, ახლაც – შენ თვლი ფულს!
რა ამღერებს, ვიცოდე,
გალიაში შენს ბულბულს!
რომ მიყურებ განაბულს,
მე პულსს ვითვლი, განა ფულს!
შენს მომავალს ფუტუროს
ვჭვრეტ გასიგრძეგანებულს”…
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან