თორნიკე რიჟვაძე: ანსამბლი ,,ბერმუხა” ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული სიამაყე
ანსამბლ „ბერმუხას” 18 წევრი ქართული ფოლკლორის განვითარებასა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ხანგრძლივი ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის დააჯილდოვეს. ანსამბლის წევრები საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ,,ბერმუხას”, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული სიამაყეა და რომელსაც არაერთხელ წარმოუჩენია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ ხულო, აჭარა და ჩვენი ქვეყანა, არაერთხელ უსახელებია ქართული სული და ჟინი, დაუფასდა ეს დიდი ღვაწლი.
,,მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს ჩვენი ინიციატივის გაზიარებისთვის. როცა ვუყურებ ჩვენს ,,ბერმუხელებს”, კიდევ უფრო მეტ მოტივაციასა და შემართებას გვაძლევს ყველას, რომ შეიძლება დიდი შემართებით, დიდი სულით და ამ დიდი ჟინით ძალიან ბევრი წელი წარმატებულად იყო ქვეყნის სამსახურში. დამსახურებული ღირსების ორდენი უფრო დიდ შემართებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო შორს გავიტანოთ ჩვენი ქვეყნის სახელი” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
,,ბერმუხას” დაჯილდოების ცერემონია ხულოში გაიმართა და მას პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.