მამუკა მდინარაძე – ოპოზიციაზე: ისინი ყველაფერს გააკეთებენ, თავისი სატელიტი “ენჯეო” სექტორის მეშვეობით, აკერმანის გეგმის მიხედვით, რომ ამ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი
,,შევეცდები, გამოვიცნო ჩემი კოლეგის, სანდრო რაქვიაშვილის პესიმიზმი ორ პუნქტთან დაკავშირებით – ერთი. ეს ვფიქრობ, იყო დეპოლარიზაციის საკითხი და მეორე, ალბათ, ის გულისხმობდა სახალხო დამცველის არჩევის წესს. მე ვერ ვხედავ მაინცდამაინც სახალხო დამცველის არჩევის პრობლემას. იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება, ამ ქვეყანაში შეირჩეს ისეთი ადამიანი, თუ ძალიან სუბიექტური არ ხარ, რომ მას მხარი დაუჭირო. კონსენსუსის მიღწევა ამ საკითხთან დაკავშირებით აბსოლუტურად რეალისტურად მიმაჩნია,’’ – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მას არ აქვს მოლოდინი, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია შეიცვლება. თუმცა, მან მოუწოდა ოპოზიციას, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში მიიღონ მონაწილეობა.
,,არ მიმაჩნია რეალისტურად, რომ ნაცმოძრაობა, მთავარი ოპოზიციური ძალა ამ ქვეყანაში, შეიცვლება და ხვალ იტყვის, რომ დაუშვით შეცდომა და მოდით, ამ ევროპულ რეკომენდაციებს ბოიკოტს აღარ გამოუცხადებთ და პროცესში ჩავერთვებით. მე ამისი მოლოდინი არ მაქვს. პირიქით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, თავისი სატელიტი ენჯეო სექტორის მეშვეობით, აკერმანის გეგმის მიხედვით, რომ ამ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. არ მიიღონ მონაწილეობა ამ გეგმის შესრულებაში და მათივე ენაზე, რომ ვთქვათ -გააპრავონ რამენაირად სხვადასხვა არგუმენტით. მაგრამ ფაქტი ფაქტად დარჩება ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას და პირიქით, წინააღმდეგი წავლენ ამ გეგმის შესრულების. მარტივი ამბავია, ნებისმიერი დავალება, ნებისმიერი რეკომენდაცია, ნებისმიერი თხოვნა, ამ შემთხვევაში, რეკომენდაციებზე ვსაუბრობ, უნდა შეასრულოს ხელისუფლებამ. არ ხდება ისე, რომ ევროკომისიის და ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაცია შეასრულოს ოპოზიციამ და ამაზე პასუხისმგებლობა მან აიღოს. ხელისუფლებას არ ვენდობით ამის შესრულებაზე და ჩვენ რაღაცა გეგმები გვაქვს ცალკე და რაღაცა 13- ე პუნქტს დავამატებთ და მოდი, ჯერ ეს გააკეთონ, არის თუ არა ეს საბოტაჟი? კეთილი ინებონ და ჩვენთან ერთად ჩაერთონ ამ რეკომენდაციების შესრულებაში. თუ რამე საკრიტიკოა ამ პროცესში გააკრიტიკონ, იქ ვიკამათოთ, ვიდავოთ, დისკუსია გავმართოთ და შევასრულოთ ყველამ ერთად და არა საბოტაჟის გამოუცხადოთ ამ ყველაფერს”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.