მამუკა მდინარაძე: ოპოზიციას უნდა, პირდაპირ ჩაინიშნოს სესია და რა უნდა გაიტანონ იმ სესიაზე, წარმოდგენა არ აქვთ, ეს არის საბოტაჟის ხერხი
,,როგორც წესი, პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია კანონში უნდა აისახოს. 90 პროცენტი ამ ვალდებულებებისა არის კანონპროექტების დაწერა, მიღება და შემდეგ ამის რეალიზაცია. ამას სჭირდება სამუშაო პროცესი. 10 საფეხური რომ გაქვს გასავლელი, მე-10-ზე პირდაპირ ვერ ახტები იმიტომ, რომ დაიმტვრევი როგორც კი მოინდომებ პირდაპირ 10-ს, ან 12-ე საფეხურზე ახტომას”, – ასე უპასუხა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისთვის საჭირო პროცედურების შესახებ დასმულ შეკითხვას.
მდინარაძემ ოპოზიციის მხრიდან რიგგარეშე სესიის ჩანიშვნის მოთხოვნის შესახებ ისაუბრა და მას საბოტაჟი უწოდა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, წარმოუდგენელია ოპოზიციამ არ იცოდეს, რომ კანონპროექტის მიღებამდე რეგლამენტით დადგენილი პროცედურებია დასაცავი. მისივე თქმით, კანონპროექტის მიღება გარკვეულ საფეხურების გავლას გულისხმობს და ეს გრძელვადიანი სამუშაო პროცესია. სესიების დაწყების დრომდე, ამ 12 პუნქტის შესრულებას სჭირდება რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების დაცვა.
,,პირველ რიგში, უნდა დავიწყოთ პირველი საფეხურიდან. ეს პირველი საფეხური არის სამუშაო ჯგუფების შექმნა და ამ ჯგუფებში მუშაობა, კანონპროექტს თუ რა სახე უნდა მიეცეს, როგორ აწყობს ამ ქვეყანას, რა წერია რეკომენდაციებში, როგორ მოვარგოთ ეს ორი ინტერესი ერთმანეთს. სად არის ამის თანხვედრა და შემდეგ გადავიდეთ მომდევნო ეტაპზე. დავაინიციროთ ეს კანონპროექტი. ამ დაინიცირების შემდეგ, უნდა წავიდეს საკომიტეტო მოსმენები. საკომიტეტო მოსმენების შემდეგ, უნდა გაიმართოს სხდომები, სექტემბერში. მანამდე, ეს დრო ნამდვილად სჭირდება ამ 12 პუნქტის შესრულებას და შემდეგ, მივიღოთ კანონები. ამათ უნდათ რა, რომ პირდაპირ ჩაინიშნოს სესიები და რა უნდა გაიტანონ იმ სესიაზე თვითონაც წარმოდგენა არ აქვთ. ახლა, ჩამოყარეს რაღაც ოთხი პუნქტი, რათა გაამართლონ თავისი ნათქვამი. ეს არის საბოტაჟის ხერხი. არაფერი საერთო რეალობასთან ამას არ აქვს, წარმოუდგენელია, მათ არ იცოდნენ, რომ სამუშაო ჯგუფები სჭირდება კანონპროექტის დაინიცირებას, შემდეგ საკომიტეტო მოსმენებზე უნდა გავიდეს, პირდაპირ სხდომაზე ხომ არ გავა, კანონი შეიძლება, პირდაპირ სხდომაზე მოხვდეს? კანონით და რეგლამენტით არ შეიძლება. კანონპროექტი სხდომაზე ვერ მოხვდება, თუ არ გაიარა კომიტეტი, კომიტეტზე ვერ მოხვდება, თუ არ შეიქმნა. სად უნდა შეიქმნას, ცალკე დავწეროთ ჩვენ, ხვალ დავაინიციროთ და ზეგ კომიტეტი ჩაინიშნოს? ერთად გვითხრეს, გვთხოვეს, რომ გავერთიანდეთ ამ საკითხზე და ერთად ვიმუშაოთ ამ თემებზე. ერთ კანონპროექტზე ამბობენ, ჩვენ დავაინიცირეთ რაღაცო, ის მიიღეთ ხვალვეო, დანარჩენზე რას ამბობენ, ვერც გავიგე სიმართლე გითხრათ. ვერავინ გაიგო, საბოტაჟის ხერხია და ხალხზე აქვთ ასეთი წარმოდგენა, რომ ხალხი მაინც ვერ გაიგებს ამას. ალბათ ფიქრობენ, რომ ხალხი პრიმიტიულად აზროვნებს. ბევრჯერ დამტკიცდა, რომ ხალხი ყველაფერს ხვდება. დავუშვათ, ხვალვე ჩაინიშნა სხდომა, რა გავაკეთოთ, კანონპროექტი არ არის დაინიცირებული, ერთი კანონპროექტი აქვთ მათ დაიცინიცირებული და ანუ გვეუბნებიან, რომ 12-ს დავანებოთ თავი და ეს ერთი მივიღოთ ჩვენს ჭკუაზე, ამას ხომ საერთო მუშაობა და კონსენსუსური გადაწყვეტილება უნდა. ერთი ფრაზა ხომ არ არის, ანტიკორუფციულ კანონზეა საუბარი, უამრავი დეტალია, ასეულობით მნიშვნელოვანი თემა. დავუშვათ, ხვალვე ჩავნიშნეთ, არ იციან რა უნდა განვიხილოთ ამ სხდომაზე? არაფერი საერთო ამას საქმესთან არ აქვს, პიარული სვლაა,რომელიც ნაცმოძრაობის ოფისში მოიფიქრეს”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.