მამუკა მდინარაძე: ჩვენ ყველაფერს თავისი სახელი დავარქვით, “ნაცმოძრაობის” ერთი წარმომადგენელი თუ გახსენდებათ, რომელმაც უარყო, დაგმო, ან გაემიჯნა მოწოდებას, რომელიც ეხებოდა ომს
“ჩვენ ყველაფერს თავისი სახელი დავარქვით, ნაცმოძრაობის ერთი წარმომადგენელი თუ გახსენდებათ, რომელმაც უარყო, დაგმო, ან გაემიჯნა მოწოდებას, რომელიც ეხებოდა ომს? ამ დღეების განმავლობაში ლაპარაკობენ, ომი საიდან მოიტანაო „ქართულმა ოცნებამ“, თითქოს ამ ქვეყნის 20%-მდე არ გვქონდეს ოკუპირებული”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პრიმიტიული და მდაბიო პიარული სვლებით ცდილობენ ხალხს დააჯერონ, რომ „ქართული ოცნების მოგონილია ის პრობლემები, რაც რეალურად არის.
„რუსეთი წარმოუდგენელ სისასტიკეს ახორციელებს ჩვენ მეგობარ ქვეყანაში და ამ დროს, რუსეთის ჯარები დგას ქვეყნის შუაგულში. ომი საიდან მოვიტანეთ იცით? რომელიმე მათგანი გაემიჯნა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პირდაპირი მოწოდებები რომ იყო? ჩვენ რომ შევეწინააღმდეგეთ, მკაცრად გავაკრიტიკეთ, ეს უკრაინის ხელისუფლებაზე თავდასხმად მონათლეს. როგორ შევეწინააღმდეგეთ ომის მოწოდებებს, დენილოვმა რაც თქვა, არესტოვიჩმა რაც თქვა და ა.შ. ეს როგორ ვიკადრეთ, ამაზე ატეხეს ამბავი, თავს ესხმიანო. წარმოიდგინეთ, მანიპულაციის და სპეკულაციის ხარისხი და დონე. თვითონ რა ქნეს ამ დროს? გაემიჯნენ? ალბათ კარგად გახსოვთ, თავს როგორ ვიკავებდით ბოლო მომენტამდე, მაგრამ როცა იძულებულები ვხდებოდით, ევროპარლამენტარების კრიტიკის არ იყოს, თითქოს წმინდანები იყვნენ ჩვენი ევროპელი კოლეგები, ის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც პირდაპირ ლობირებდნენ ნაცმოძრაობას და მათი მესიჯებით ლაპარაკობდნენ, როგორ ვიკადრეთ ეს, ნაცმოძრაობის ენით მათ საუბარს თუ ვუპასუხეთ კრიტიკით, ეს ყოფილა თავდასხმა. ჩვენ დავარქვით ყველაფერს თავისი სახელი, ნაცმოძრაობის ერთი წარმომადგენელი თუ გახსენდებათ, რომელმაც უარყო, დაგმო, ან გაემიჯნა მოწოდებას , რომელიც ეხებოდა ომს. ისინი იყვნენ თუ არა ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ თითის ქნევით მიგვითითებდნენ, რომ თავმოყვარე ერი თუ ხართ, სასწრაფოდ გაუშვით მოხალისეებით სავსე თვითმფრინავი. უდიდესი და უწარმატებულესი ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ლიდერები გამოდიოდნენ და მოხალისეებზე თავს იკავებდნენ, მოუწოდებდნენ, მოხალისეები არ ჩაერთოთ ამაშიო. ეს თუ პოლიტიკოსისთვის მარტივად მისახვედრი არ არის, რომ პირდაპირ ომში ჩართვას გულისხმობს, ან ასეთად შეიძლებოდა აღექვა ჩვენი ქვეყნის ოკუპანტ ქვეყანას – რუსეთს, მაშინ ეს ადამიანები პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ. ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ეს იყო ომში ჩართვისთვის შესანიშნავი საბაბი რუსეთისთვის და მაინც ამას მოგვიწოდებდნენ, ე.ი., ისინი მოგვიწოდებდნენ ჩავრთულიყავით ომში. თავი დავანებოთ, რა ხდებოდა კულისებში, ჩვენ ამაზე ლაპარაკი რომ გვნდომოდა, მიშა ყაველაშვილი, სოზარ სუბარი და დიტო ხუნდაძე დღემდე ჩვენი გუნდის წევრები იქნებოდნენ და ჩვენი პოზიციები არ გაიყოფოდა. სამივე უღირსეულესი ადამიანები არიან, ჩვენი მეგობრები არიან და მე პირადად, რაც არ უნდა პოლიტიკური და აზრებში განსხვავება იყოს, თან ამ ერთ აზრშია მხოლოდ, კულისებიდან ამბების გამოტანა შეიძლება თუ არა, ისინი ჩემი მეგობრები დარჩებიან ცხოვრების ბოლომდე“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.