მიხეილ დაუშვილი: პაპუაშვილთან შეხვედრაზე დასწრებას ვაპირებთ, თუ პროცესი შედეგზე ორიენტირებული იქნება, მონაწილეობას მივიღებთ
პარტია „საქართველოსთვის” წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარესთან დაგეგმილ შეხვედრაზე დასწრებას აპირებენ და პროცესის განვითარების შესაბამისად გადაწყვეტენ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას.
მისი თქმით, ყველა პარტიის ინტერესი უნდა იყოს ქვეყნისთვის სტატუსის მიღება.
„შალვა პაპუაშვილთან ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე დასწრებას ვაპირებთ. გვაინტერესებს, როგორია მმართველი გუნდის ხედვა დეპოლარიზაციაზე და ვნახოთ, პროცესი როგორ გაგრძელდება. თუ დავინახავთ, რომ ეს პროცესი შედეგზე ორიენტირებული იქნება და მისი ამოცანა წლის ბოლოს სტატუსის მიღება იქნება, ჩვენ მასში მონაწილეობას მივიღებთ. თუ დავინახავთ, რომ ეს პროცესი შინაარსისგან დაცლილი და პროცესი-პროცესისთვის იქნება, ამ შემთხვევაში, მონაწილეობას ვერ მივიღებთ. ყველა პარტიის ინტერესი უნდა იყოს ქვეყნისთვის სტატუსის მიღება. თუ ეს პროცესი სტატუსის მიღებაზე იქნება ორიენტირებული, მასში მონაწილეობა ყველამ უნდა მიიღოს. შესაბამისად, ცალკე პროცესის შექმნა მიზანშეწონილი არ იქნება, თუ „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული პროცესი შინაარსზე იქნება ორიენტირებული. ეს იქნება მარტივი საზომი – ამ პროცესში მივიღებთ თუ არა მონაწილეობას. თუ შეხვედრებზე ვნახავთ, რომ სასამართლოში გავლენიანი ჯგუფების არსებობაზე საუბარი არ იქნება, დეოლიგარქიზაცია ყველას შეეხება ბიძინა ივანიშვილის გარდა და კოსმეტიკური ცვლილებები იქნება, მაშინ მასში მონაწილეობას არ მივიღებთ. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ლეგიტიმატორები არ გავხდებით და ფარსში მონაწილეობას არ მივიღებთ“, – განაცხადა დაუშვილმა.