ათენში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ქართველებისგან შემდგარი 13-კაციანი დაჯგუფება გაანეიტრალეს
ათენში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, 13-კაციანი დაჯგუფება გაანეიტრალეს, რომელსაც 72 წლის ქართველი “კანონიერი ქურდი“, კაკო ბილანიშვილი ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ ბერძნული მედია იუწყება.
მათივე ცნობით, 10 სახლსა და 2 მაღაზიაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ბერძენმა სამართალდამცველებმა ძვირფასეულობა, დიდი ოდენობით ნაღდი ფული და 8 ავტომობილი ამოიღეს, ჯამურად, 434 ათასი ევროს ღირებულების.
გამოცემის ინფორმაციით, მძარცველები შემდეგი სქემით მოქმედებდნენ: პოტენციური დაზარალებულის სახლებს უთვალთვალებდნენ, აკონტროლებდნენ მცხოვრებლების მოძრაობას. შემდეგ მანქანებს ახლომდებარე ტერიტორიაზე აჩერებდნენ და მას შემდეგ, რაც დარწმუნდებოდნენ, რომ სახლი ცარიელი იყო მოქმედებაზე გადადიოდნენ. ისინი მუდმივ სატელეფონო კავშირში იყვნენ ერთმანეთთან და დაშიფრული ტექსტით საუბრობდნენ.
არსებული ცნობით, სულ დადგენილია ძარცვის 47-მდე შემთხვევა, რომელიც ქართველების დაჯგუფებას უკავშირდება. ნაძარცვი ნივთების რეალიზაცია, ძირითადად, ათენში მდებარე ერთ-ერთ ქართულ რესტორანში ხდებოდა, რომლის მფლობელიც ასევე დაპატიმრებულია.
როგორც ცნობილია, კაკო ბილანიშვილი 13-კაციან დაჯგუფებასთან ერთად ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.