ირაკლი კობახიძე: შეგვიძლია, საზოგადოებას მივცეთ პირობა, რომ 12-ვე პუნქტს შევასრულებთ
ევროკავშირის გადაწყვეტილება დეკემბერშიც პოლიტიკური იქნება და წინასწარ გაგვიჭირდება იმის განსაზღვრა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოო ჯამში ევროპული საბჭო, თუმცა შეგვიძლია, საზოგადოებას მივცეთ პირობა, რომ 12-ვე პუნქტს შევასრულებთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, თუ უკრაინაში ომი დეკემბრამდე დასრულდება, მოიხსნება ის ემოციური ფონი, რომელმაც მათ შორის, საქართველოს საპირისპირო გადაწყვეტილების მიღება განაპირობა ევროკავშირში.
„იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ უკრაინაში ომი დეკემბრის ბოლომდე მაინც დასრულდება. ღმერთმა დაგვიფაროს და თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი, თუმცა დამეთანხმებით, ასეთი კანდიდატის სტატუსის მიღება არ ღირს. რა თქმა უნდა, ამ ფაქტორს ჩვენ ამ სახით ვერ შევცვლით და არც შევცვლით. ოპოზიცია ამას სიამოვნებით გააკეთებდა და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ ჩვენ ამაზე არც ერთ შემთხვევაში არ წავალთ. მე იმის თქმა მინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში ომი დეკემბრამდე დასრულდება, რა თქმა უნდა, მოიხსნება ის ემოციური ფონი, რომელმაც მათ შორის, საქართველოს საპირისპირო გადაწყვეტილების მიღება განაპირობა ევროკავშირში. იყო გარკვეული ემოციური ფონი, რის გამოც უკრაინას და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი – არა და თუ უკრაინაში ომი დეკემბრამდე დასრულდება, შეიცვლება ეს ემოციური ფონი და ასეთ დროს იზრდება იმის შანსი, რომ ჩვენ სტატუსი მოგვენიჭოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.