თამარ ტალიაშვილი: პიროვნული მძიმე უშვერი სიტყვიერი შეურაცხყოფის მოთმენაზე რაიმე სპეციალური სადეპუტატო განსხვავებული სტანდარტი არ არსებობს

შეურაცხყოფის მოთმენის ექსტრაორდინარული სტანდარტები მოითხოვეს, ვინც სიძულვილითა და დესტრუქციით სულ უფრო აღრმავებენ პოლარიზაციას ჩვენს ქვეყანაში, – ასე ეხმიანება უმრავლესობის დეპუტატი, თამარ ტალიაშვილი აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტს. შესაბამისი განცხადება მის Facebook-ზე გამოქვეყნდა.

„ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე ინციდენტის შემდეგ ბევრი ითქვა და დაიწერა მედიასივრცეში და სოციალურ პლატფორმებზე თმენის ვალდებულებასთან დაკავშირებით. სიცხადისთვის გეტყვით, პიროვნული მძიმე უშვერი სიტყვიერი შეურაცხყოფის მოთმენაზე რაიმე სპეციალური სადეპუტატო განსხვავებული სტანდარტი არ არსებობს. დაუსაბუთებელი კრიტიკა, ზღვარგადასული ემოციურობა – კი ბატონო! პირადის, პერსონალური სივრცის შეურაცხყოფას რაც შეეხება, აქ ყველა მოქალაქე, ადამიანი ერთია და თამასის სპეციფიკურად მაღლა აწევა სრულიად უსაფუძვლოა.

განსაკუთრებული და მაღალი სტანდარტი რასაც ამკვიდრებს ანრი ოხანაშვილი ეს არის მაღალი რანგის პროფესიონალიზმი, სამართლის პოლიტიკა და კანონშემოქმედება. ხოლო სიდინჯე და გაწონასწორებულობა საზოგადოებისა და ქვეყნისათვის კრიტიკულ მომენტებშიც კი მისი პიროვნული თვისებაა. ანრის ეს თვისება ხაზს უსვამს, თუ რამდენად მძიმე არაპროვოცირებული შეურაცხყოფის ადრესატი აღმოჩნდა.

საერთოდ, შეურაცხყოფის მოთმენის განსაკუთრებულ სტანდარტებს დღეს ითხოვენ ისინი, ვინც სიძულვილით, ბულინგითა და დესტრუქციით სულ უფრო და უფრო აღრმავებენ პოლარიზაციასა და შუღლს ჩვენს ქვეყანაში.

ეს არის ძალა, რომელსაც არაფრის დიდებით არ სურს დეპოლარიზაცია, საზოგადოების ერთიანობა და სრული ევროინტეგრაცია.

ეს არის ძალა, რომელსაც სურს, რომ ყველაფერი – შეურაცხყოფაცა და დანაშაულიც შერჩეს, ჰქონდეს მუდმივი იმუნიტეტი შეურაცხყოფისა და დანაშაულის ჩასადენად.

კლავიატურასა და კამერას ამოფარებული ადამიანები ბულინგისა და სიძულვილის ენის სულ უფრო ახალ “მაღალ” სტანდარტებს ქმნიან. პარალელურად სურთ, რომ სიძულვილის ეს “მაღალი” სტანდარტები ადამიანურ უბრალო პირისპირ ურთიერთობებშიც დაამკვიდრონ. ეს არის სავალალო! ეს ბოროტებაა არა მარტო ამ მომენტში, არამედ – მომავალი თაობებისთვისაც“, – წერს ტალიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები