ქალაქ ახალციხეში წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღე და „ახალციხელობა 2022“ საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა

30 ივნისს, ქალაქ ახალციხეში, წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღე და „ახალციხელობა-2022“ მასშტაბური საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. ქალაქის მთავარი დღესასწაული წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვით დაიწყო.

დღის განმავლობაში, „ახალციხის ციხეზე“, ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ სხვადასხვა კულტურულ, შემეცნებით, სპორტულ ღონისძიებებს და კონცერტებს. საგამოფენო სივრცეებში ადგილობრივი ხელოვანებისა და ოსტატების ნამუშევრები, ხელნაკეთი აქსესუარები და ხალხური რეწვის ნიმუშები იყო წარმოდგენილი. მოეწყო დრამ-შოუ და პატარებისთვის ზღაპრის გმირების შოუ.

მსურველებს სპორტულ შეჯიბრებებშიც შეეძლოთ მონაწილეობა, გამარჯვებულები კი ტრადიციულად სერტიფიკატებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ, გაიმართა გეზრბენი, საჩვენებელი გამოსვლები ტანვარჯიშსა და კარატეში. გასართობ-შემეცნებით სივრცეში წარმოდგენილი იყო მერიის ახალგაზრდული საქმიანობის პრეზენტაცია და სამაგიდო თამაშების ვორქშოფი.

ღონისძიებაზე მუსიკალური კომპოზიციებით წარსდგა, ცნობილი მუსიკოსი და ახალციხის საპატიო მოქალაქე თემურ ყვითელაშვილი, ასევე ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლები, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასმა კი თეატრალური წარმოდგენით შალვა ახალციხელის ეპოქა გააცოცხლა.

ღონისძიებების ფარგლებში, 2022 წლის „ახალციხის საპატიო მოქალაქეები“ დასახელდნენ. აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისა და განსაკუთრებული დამსახურებისათვის საპატიო ახალციხელის სტატუსი მიენიჭათ მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტს, მეუფე ანანია ჯაფარიძეს, ექიმ-არითმოლოგ ზვიად მათოშვილს და ქალაქ ახალციხის მე-3 საჯარო სკოლის დირექტორს სუსანა აკოფოვას.

მადლობის სიგელით დაჯილდოვდა ახალციხის მუნიციპალიტეტის, სოფელ კლდის საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელი თამარ გოქაძე, რომელმაც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კონკურსში „ მწვანე ჯილდო 2022“ გაიმარჯვა.

„ახალციხელობა 2022“, გალა კონცერტით გაგრძელდა, მაყურებლის წინაშე ბენდი „ნიუტონი“ და ქართული ესტრადის ვარსკვლავები წარდგნენ. ზეიმი დღის ბოლოს სადღესასწაულო ფეიერვერკით და ახალგაზრდებისთვის ელექტრონული მუსიკის კონცერტით დასრულდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები