ვოლსკი – საელჩოში მომხდარზე: ვფიქრობ, ასეთი პროვოკაციები კიდევ დაიგეგმება
ლოგიკური ახსნა აქვს დაგეგმილ პროვოკაციას, მიზანი ახალი მესიჯის შექმნაა – “კრიტიკული მედიის პატიოსან წარმომადგენელს ,,ქართული ოცნების,, დეპუტატების ჯგუფი თავს დაესხა აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე” – სრული ბოდვა, – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი აშშ-ის საელჩოში გუშინ მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც დეპუტატ ანრი ოხანაშვილსა და “ტვ პირველის” გენერალურ დირექტორ ვატო წერეთელს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
“რას შეეძლო – ანრი ოხანაშვილი, გაწონასწორებული, მეოჯახე, საერთაშორისო დონის სპეციალისტი, კანონმორჩილი, სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, გამოეყვანა წყობილებიდან და ფიზიკურად შეხებოდა წერეთელს, თანაც – საელჩოს ტერიტორიაზე, ეგ ყველასათვის გასაგებია – მხოლოდ უკიდურეს სიბილწეს, ღირსების შეურაცხყოფას, სხვა ვერსია არ არსებობს! ამასთანავე, ლოგიკური ახსნა აქვს დაგეგმილ პროვოკაციას, მიზანი ახალი მესიჯის შექმნაა – “კრიტიკული მედიის პატიოსან წარმომადგენელს ქართული ოცნების დეპუტატების ჯგუფი თავს დაესხა აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე” – სრული ბოდვა, მასიური ისტერიკა, იქ მყოფი ჩვენი კოლეგების ბულინგის ორგანიზება. ვფიქრობ, ასეთი პროვოკაციები კიდევ დაიგეგმება”, – წერს ვოლსკი სოციალურ ქსელში.