სოფელ ტანძიაში ,,საბაობა 2022“ აღინიშნა

დიდი ქართველი მწერლის, დიპლომატის, მეიგავის და სასულიერო პირის სულხან-საბა ორბელიანის 364 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება “საბაობა 2022″ სოფელ ტანძიაში მისსავე სახლ-მუზეუმში ჩატარდა, რომელსაც ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

სულხან- საბა ორბელიანის შესახებ მუზეუმში საჯარო ლექცია მოეწყო, რომელსაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი პაატა ნაცვლიშვილი უძღვებოდა. მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა საბას განვლილი გზა და აქცენტები მის შემოქმედებასა და დიპლომატიურ მოღვაწეობაზე გააკეთა.

საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ორბელიანების საგვარეულო ეკლესიაში სულხან – საბა ორბელიანის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

,,საბაობა 2022“ ოფიციალური მიღებით დასრულდა. ბოლნისის კულტურის ცენტრის დირექტორმა სოსო კოპალეიშვილმა მუზეუმის თანამშრომლებს სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სიგელები, ხოლო მუზეუმს საჩუქრად სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურა გადასცა.

,,დღეს, ისტორიულ სოფელ ტანძიაში, დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, პირველი ქართველი ელჩის, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურულ მუზეუმში სახალხო დღესასწაული ,,საბაობა“ აღვნიშნეთ.

ჩვენ ყველას გვეამაყება ის ფაქტი, რომ, სწორედ ჩვენს მუნიციპალიტეტში დაიბადა ისეთი ღვაწლმოსილი პიროვნება, როგორიც სულხან-საბა ორბელიანი იყო.

ამ დიდებული მოღვაწის მეშვეობით ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში შევეცადეთ, ევროპაში ჩვენი ისტორიული და კულტურული ადგილი დაგვებრუნებინა, სწორედ საბას უკავშირდება ქართული ენის მრავალფეროვნების წარმოჩენა, სამოგზაურო-მემუარული ჟანრის ჩვენს რეალობაში შემოტანა და იგავ-არაკების განვითარება.

ახლა, როცა ასე ახლოს ვართ ევროპასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სულხან-საბა ორბელიანის ღვაწლის დაფასება, მან საკმაოდ გრძელი და ურთულესი გზა გაიარა ევროპამდე, რათა წარმატება მოჰყოლოდა მის პოლიტიკურ მოლაპარაკებას ევროპელ ლიდერებთან. სამწუხაროდ, საბას მცდელობას მაშინ შედეგი არ მოჰყოლია, თუმცა ქართველს ერს, არც ერთი დღე არ შეუნელებია სწრაფვა ევროპულ ფასეულობებთან დაახლოებისკენ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ,,საბაობას“, ამ დიდებული ადამიანის მიერ განვლილი გზა სამაგალითოა თითოეული ქართველისთვის, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს სამშობლო და ყოველდღიურად ვფიქრობდეთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები