“რუსეთი ნატო-ს სტრატეგიული საფრთხეა” – ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფცია დამტკიცებულია
ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია ალიანსთან ურთიერთობაში რუსეთის სტატუსს ოფიციალურად ცვლის და მას მოკავშირეთა უსაფრთხოებისთვის, როგორც ყველაზე სერიოზულ და უშუალო საფრთხეს, განსაზღვრავს.
ამის შესახებ Eurointegration-ი წერს.
„რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს ყველაზე სერიოზულ და უშუალო საფრთხეს მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის, ასევე, ევროატლანტიკურ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, ალიანსი ხაზს უსვამს, რომ არ ცდილობს რუსეთთან დაპირისპირებას და რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
კონცეფცია არ აკონკრეტებს, მიიჩნევს თუ არა ალიანსი რუსეთს მტრად თუ მოწინააღმდეგედ, მაგრამ მზად არის მისი მხრიდან აგრესიისთვის.
„არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი ჩვენს სიძლიერესა და გადაწყვეტილებაში, დავიცვათ მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი, დავიცვათ მოკავშირეთა სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და დავძლიოთ ნებისმიერი აგრესორი“, – ნათქვამია დოკუმენტში.
აღსანიშნავია, რომ 2010 წელს მიღებულ სტრატეგიაში ალიანსმა რუსეთი სტრატეგიულ პარტნიორად გამოავლინა.