დავით სონღულაშვილი: მეტი ციფრული ინიციატივა და მეტი მომზადებული კადრი გვჭირდება

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

ფორუმზე გამოსვლისას დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ ციფრული ტექნოლოგიების სრულფასოვანი დანერგვა, სახელმწიფოსა და საზოგადოების წარმატების შესაძლებლობას იძლევა. „ციფრული ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და ახალი მოდელების განვითარება, მათი დროული და სრულფასოვანი დანერგვა ქმნის საზოგადოებებისა და სახელმწიფოების წარმატების უნიკალურ შესაძლებლობას. განსაკუთრებით გამოვყოფდი იმ ახალ გამოწვევებს, რომლებიც GovTech-ის მიმართულებით გვაქვს და რომელიც დახურული, ცენტრალიზებული სისტემიდან, ღია დეცენტრალიზებული ეკოსისტემის დანერგვას გულისხმობს.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეკონომიკის ყველა დარგში ჩვენი მხარდაჭერა ისეთი პროექტებისა და პროგრამების განხორციელების საკითხში, რომლებიც საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის ფორმირებასა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირებას უწყობენ ხელს. შესაბამისად, მეტი ციფრული ინიციატივა და მეტი მომზადებული კადრი გვჭირდება,” – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მან ასევე ხაზი გაუსვა გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში საქართველოს კონკურენტუნარიანობის ამაღლების მნიშვნელობას. „მიმაჩნია, რომ ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების, მაღალტექნოლოგიური ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა, მაგალითად, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო/სატრანზიტო მიმართულებით, გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში საქართველოს კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების საწინდარია,” – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი საქართველოს ICT კლასტერისა და ციფრული ტრანსფორმაციის საქართველოს კონსორციუმის ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის და სხვა, 20-ზე მეტი პარტნიორის ხელშეწყობით 27 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები