„ელექტრონული რეცეპტის სისტემის მოქმედების გამო, პაციენტებს დამატებითი ხარჯის გაწევა არ უწევთ“ – ეკა ადამია რეფორმის მიმდინარეობის შესახებ საუბრობს

მნიშვნელოვანია, ყველა ბენეფიციარი ფლობდეს ამ ინფორმაციას: იმის გამო, რომ ქვეყანაში ელექტრონული რეცეპტი მოქმედებს, მათ რაღაც დამატებითი ხარჯის გაწევა არ უწევთ, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეკა ადამიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ადამიამ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ მიმდინარეობს ფარმაცევტული რეფორმა.

ფარმაცევტული სექტორის გამჭვირვალობისა და მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე დანახარჯის შემცირების მიზნით, სახელმწიფო ფარმაცევტული სექტორის რეფორმას ახორციელებს. აპრილიდან ელექტრონული რეცეპტების სისტემა შევიდა ძალაში, რომელიც მე-2 ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის და ფსიქოტროპული მედიკამენტების მხოლოდ ელექტრონული ფორმით გამოწერას გულისხმობს, ის ქაღალდმატარებელზე აღარ გაიცემა. ასევე დაინერგა გენერიკული რეცეპტის სისტემაც, რომელიც ძალაში 11 აპრილიდან შევიდა.

ექიმის მიერ გამოწერილი გენერიკული რეცეპტის საფუძველზე, ყველა აფთიაქი ვალდებულია, პაციენტს სამინისტროს მიერ განსაზღვრული „პოზიტიური მედიკამენტების“ სიიდან 3 ყველაზე იაფი, ამ გენერიკის შესაბამისი, სავაჭრო დასახელების პროდუქტი შესთავაზოს. ეს სიახლეები უკვე ძალაშია. მიმდინარე პროცესში გამოიკვეთა ის სარგებელი, რაც ამ პროგრამის დანერგვას მოჰყვა. ასევე, არის გარკვეული თემები, რაც დაზუსტებას საჭიროებს. გვინდა, აქცენტირება გავაკეთოთ იმ თემაზე, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერი პაციენტის ვიზიტი ექიმთან, როდესაც მას ელექტრონული რეცეპტის გამოწერა ესაჭიროება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, უფასოა. მათ შეუძლიათ, ოჯახის ექიმის უფასო კონსულტაციით ისარგებლონ და შესაბამისი მედიკამენტისთვის საჭირო ელექტრონული რეცეპტი მიიღონ.
ასევე, ყველა ექიმს შესაძლებლობა აქვს, ელექტრონული რეცეპტი ხანგრძლივი ვადით გამოწეროს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბენეფიციარი ფლობდეს ამ ინფორმაციას: იმის გამო, რომ ქვეყანაში ელექტრონული რეცეპტი მოქმედებს, მათ რაღაც დამატებითი ხარჯის გაწევა არ უწევთ. ასევე, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ არ არის აუცილებელი, ყოველ ჯერზე, როცა პაციენტს ექიმთან ვიზიტი აქვს, სრული დიაგნოსტიკური სპექტრი დაინიშნოს იმისთვის, რომ მას მედიკამენტი გამოეწეროს. თუ პაციენტს ქრონიკული დაავადება აქვს, მოიხმარს ამ მედიკამენტს, შეიძლება, რაღაც კონკრეტული კვლევა დასჭირდეს, ან კვლევა საერთოდ არ იყოს საჭირო და მედიკამენტი უბრალოდ ექიმის კონსულტაციაზე გამოიწეროს.
პირველი აპრილიდან დღემდე ეს სისტემა აქტიურად მუშაობს, ელექტრონული სახით 1 მილიონზე მეტი რეცეპტია გამოწერილი. ასევე, როგორც გითხარით, 11 აპრილიდან გენერიკული რეცეპტების სისტემა ამოქმედდა და ამ დროისთვის 700 000-ზე მეტი ელექტრონული რეცეპტია გამოწერილი, მათ შორის 80 %-ზე მეტი გენერიკული სახით. აღსანიშნავია, რომ გენერიკული რეცეპტის გამოწერის შემთხვევაში გარკვეული გამონაკლისები გვაქვს, როდესაც მედიკამენტი შეიძლება, გამოიწეროს არა გენერიკით, არამედ – სავაჭრო დასახელებით. ეს არის კომბინირებული მედიკამენტები, ვიწრო თერაპიული ინდექსის მედიკამენტები, როდესაც ექიმს პირდაპირ შეუძლია, რომ პაციენტს კონკრეტული ბრენდი გამოუწეროს. ეს სხვაობაც პროცენტებშიც სწორედ ამის გამოა“, – განაცხადა ადამიამ.

მისივე თქმით, აფთიაქების კონტროლი ხორციელდება და ამ დროისთვის 600-ზე მეტი აფთიაქი დაჯარიმდა. ადამიას ინფორმაციით, ძირითადი დარღვევა მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტების გარეშე გაცემას ეხება.

„რაც შეეხება აფთიაქების მხარეს. აფთიაქიც ვალდებულია, რომ რეალიზაცია ელექტრონულად გააკეთოს. სამინისტროს ძალიან მძლავრი ბერკეტი აქვს. როგორც ექიმების, ისე აფთიაქების მხარეს ანალიტიკას ვაკეთებთ. ესაა ცენტრალიზებული სისტემა, სადაც მთელი სურათი მოჩანს, როგორც რეცეპტის ელექტრონული სისტემით გამოწერის, ასევე, მისი გაცემის, რეალიზაციის დროს დაფიქსირების. ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მიერ აფთიაქების კონტროლი ხორციელდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება მედიკამენტების გაცემა ელექტრონული რეცეპტების საშუალებით. ქვეყნის მასშტაბით 900-მდე აფთიაქია შემოწმებული. 600-ზე მეტში აღმოჩნდა ერთი, ან რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მედიკამენტის ელექტრონული რეცეპტით გაცემა არ ხდებოდა. ამ აფთიაქების დაჯარიმება ხდება. შემდეგ ისინი ისევ მოწმდებიან.
როგორც აღვნიშნე, 600-ზე მეტი აფთიაქი დაჯარიმდა. ჯარიმის ოდენობა ერთჯერადად 500 ლარს შეადგენს. რამდენჯერაც დარღვევა იქნება აღმოჩენილი, აფთიაქი ყოველ ჯერზე 500 ლარით ჯარიმდება. ძირითადი დარღვევა მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტების გარეშე გაცემას ეხება“, – განაცხადა ადამიამ.

მისივე თქმით, პაციენტი ექიმთან ვიზიტზე აუცილებლად უნდა მივიდეს, რათა სამკურნალოდ სწორი დანიშნულებით სწორი მედიკამენტი მიიღოს.

აღსანიშნავია, რომ ელექტრონული და გენერიკული რეცეპტის დანერგვის ძირითადი მნიშვნელობა არის ის, რომ მედიკამენტი თვითნებურად მისაღები საშუალება არ არის. თვითნებურად მიღებამ შეიძლება, პაციენტს ზიანი მიაყენოს. ამიტომ, აუცილებელია,  ექიმის და ბენეფიციარის კონტაქტი აღდგეს, რისი კულტურაც საქართველოში არც ისე მაღალია.
გვაქვს მედიკამენტებიც, რომელიც გამოწერას არ ექვემდებარება, ანუ ისინი შეიძლება, ბენეფიციარმა აფთიაქში თავისუფლად იყიდოს. მეორე ჯგუფის და ხაზგასმით, ფსიქოტროპული მედიკამენტები ზუსტად ის მედიკამენტებია, რომელთა არასწორმა დოზირებამ, ან არასწორ შემთხვევაში მიღებამ შესაძლოა, პაციენტს ზიანი მიაყენოს. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ სახელმწიფომ ამ თემას ხაზი გაუსვას და ამ მიმართულებით გარკვეული წესები დააწესოს. ასევე, მნიშვნელოვანი, გამოწერილი მედიკამენტების რაოდენობაა. ჩვენ ამის ერთგვარი გაკონტროლების შესაძლებლობაც გვაქვს, რათა პოლიპრაგმაზიის შემთხვევებთან ბრძოლა დავიწყოთ. ექიმების და პაციენტების ურთიერთობა უნდა აღდგეს. პაციენტი ექიმთან ვიზიტზე აუცილებლად უნდა მივიდეს, რათა სწორი დანიშნულებით სწორი, ხარისხიანი და იაფი მედიკამენტი მიიღოს იმისათვის, რომ იმკურნალოს“, – განაცხადა ეკა ადამიამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები