ევგენი მიქელაძის დაბადებიდან 119 წელი შესრულდა

გამოჩენილი ქართველი დირიჟორის, საქართველოს სიმფონიური ორკესტრის დამაარსებლის, ევგენი მიქელაძის დაბადებიდან 119 წელი შესრულდა.

კულტურის სამინისტრო უდიდეს პატივს მიაგებს ქართული ხელოვნების ამ გამორჩეული წარმომადგენლის ღვაწლსა და ხსოვნას და ინფორმაციას აქვეყნებს.

ევგენი მიქელაძე 1903 წლის 27 ივნისს, ბაქოში დაიბადა. 1928 წელს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიტორო-თეორიული განყოფილებიდან პეტერბურგის კონსერვატორიაში, სადირიჟორო კლასში განაგრძო სწავლა. 1931 წელს, პეტერბურგის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, ევგენი მიქელაძე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიიწვიეს. 1934 წლიდან იგი ამავე თეატრის მთავარი დირიჟორი, მოგვიანებით კი, სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა.

ევგენი მიქელაძის მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში, ეროვნული საორკესტრო შემსრულებლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

სწორედ ევგენი მიქელაძის სახელს უკავშირდება დამოუკიდებელი სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დაარსება – 1933 წელს, მისი ინიციატივითა და ძალისხმევით, ორკესტრმა მიიღო ოფიციალური სახელწოდება – „საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი“. დირიჟორის ხანმოკლე შემოქმედებითი მოღვაწეობის განმავლობაში ოპერის თეატრში დაიდგა 20-მდე სპექტაკლი, მათ შორის: ვერდის „აიდა“, „ტრუბადური“, „ოტელო“, პუჩინის „ტოსკა“, სენ–სანსის „სამსონი და დალილა“, მუსორსკის „ბორის გოდუნოვი“.

ევგენი მიქელაძის თაოსნობით, სიმფონიური მუსიკის პოპულარიზაციამ საქართველოში არნახულ მასშტაბს მიაღწია, მისი ხელმძღვანელობით გამართულმა საკონცერტო სეზონებმა ძლიერი ბიძგი მისცა ეროვნული სიმფონიური შემოქმედების სწრაფ განვითარებას. მიქელაძის რეპერტუარში იყო: ბეთჰოვენის, ვაგნერის, შუბერტის, ბრამსის, ბერლიოზის, ჩაიკოვსკის, ბოროდინის, რიმსკი-კორსაკოვის, მალერის, რ. შტრაუსის, პროკოფიევის, სტრავინსკის, შოსტაკოვიჩის ნაწარმოებები. 1936 წელს მისი ხელმძღვანელობით დაიდგა პირველი ქართული ბალეტი – ბალანჩივაძის „მზეჭაბუკი“.

1994 წელს საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს ევგენი მიქელაძის სახელი მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები