“ყირიმის დაბრუნება მყისიერად მოხდება, მცდელობის გარეშე” – უკრაინაში მედვედევს უპასუხეს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა და მას აუცილებლად დაუბრუნებენ.

ამის შესახებ მან თავის Twitter-ზე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის მუქარის საპასუხოდ დაწერა.

„მინდა, დავამშვიდო ბატონი მედვედევი: „ყირიმი თქვენი“ მხოლოდ კრემლის ცალკეული მოღვაწეების ავადმყოფურ ანტისემიტურ, უკრაინოფობიურ წარმოსახვაში შეიძლება, იყოს და არანაირი მცდელობა არ იქნება. ყირიმის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნება ყოველგვარი მცდელობის გარეშე, მყისიერად განხორციელდება“, – დაწერა დანილოვმა.

მედვედევის განცხადებით, “ყირიმის დაბრუნების უკრაინის მცდელობა ომის გამოცხადებას ნიშნავს და თუ ის იმ დროისთვის ნატო-ს წევრი ქვეყანა იქნება, ეს მესამე მსოფლიო ომსაც არ გამორიცხავს”.

„ჩვენთვის ყირიმი რუსეთის ნაწილია და ეს სამუდამოა. ყირიმის ხელყოფის ნებისმიერი მცდელობა ომის გამოცხადებაა და თუ ამას ნატო-ს წევრი ქვეყანა გააკეთებს, ეს არის კონფლიქტი მთელ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, მესამე მსოფლიო ომი, ტოტალური კატასტროფა“, – განაცხადა მედვედევმა.

მან დასძინა, რომ ნატო-ში ფინეთისა და შვედეთის შესვლა “ახალ საფრთხეს არ შეიცავს”, მაგრამ რუსეთი საპასუხოდ ჩრდილოეთ საზღვრებზე ძალებს გააძლიერებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები