„სათამაშოების ქსოვა და კერვა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია“ – სიყვარულით „გაცოცხლებული“ ძაფები და ტყუპები – დედის პირველი გულშემატკივრები

პროფესიით ბავშვთა ფსიქოლოგია. 4 წლის წინ გაიტაცა სათამაშოების შექმნამ და  ამ საქმის პროფესიულად შესწავლა დაიწყო.
ამბობს, რომ უზომოდ ყვარს თავისი საქმე. მოწონს ძაფების და ქსოვილების გაცოცხლება, სულის შთაბერვა….
მიხარია, როცა ჩემი ხელნაკეთი პაწაწინა დედიკოებს ბედნიერებას ანიჭებს, პატარა თათუნებით და უზომოდ თბილი გულით იწყებენ მათზე ზრუნვას“…
ყავს მეუღლე და 10 წლის ტყუპი ქალვაჟი, ნატალი და ნიკოლოზი. ტყუპები მისი საქმიანობის პირველი შემფასებლები და გულშემატკივრები არიან. – ნინო ლაფანაშვილის პერსონა.

– ბავშვობა  ის პერიოდია, რომელიც ყოველთვის მენატრება – უდარდელი, ხალისიანი, თავგადასავლებით სავსე.  თბილად მაგონდება სკოლის პერიოდიც, თუმცა პირველი კლასი დიდი სტრესი იყო ჩემთვის. უცხო გარემო, ცოტა ბრაზიანი პედაგოგი და ბევრი სხვა ნიუანსი, თუმცა დროის განმავლობაში შემიყვარდა.
მახსენდება სკოლაში ხატვის გაკვეთილი, არასდროს გამოვირჩეოდი დიდი შედევრებით, პირიქით, მიჭირდა კიდეც. ერთხელ პედაგოგმა დაფაზე ცხენი დახატა და დავალება მოგვცა, გადაგვეხატა ზუსტად იმავენაირი ცხენი და აი, აქ მოხდა საოცრება, რომლითაც მეც გაოცებული ვიყავი. დავხატე ზუსტად ანალოგიური და პედაგოგის ნახატზე ბევრად უკეთესი ნახატი.
მას შემდეგ შემიყვარდა ხატვა, უფრო სწორად – გადახატვა. თავისუფალ დროს ყოველთვის ვხატავდი. იყო ასეთი წიგნი – „ფანტაზია და მარჯვე ხელები“, სადაც უამრავი ხელნაკეთი იყო ახსნილი და დასურათებული.  მეც სიამოვნებას მანიჭებდა ეს ხელსაქმე.
მშობლები: აქ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ უზომოდ გამიმართლა, რადგან დღესაც ისე ზრუნავენ ჩემზე და ჩემს დაზე, როგორც მაშინ, ხელში აყვანილები რომ დავყავდით. დედა პედიატრია, მამა – მშენებელი ინჟინერი. უსაზღვროდ თბილები, ტკბილები და მზრუნველები არიან. ვამაყობ მათით.                                    პატარაობიდან მიყვარდა ბავშვებზე ზრუნვა, მათი გართობა, და თუ რაიმეზე ნაწყენები იყვნენ, მათთან საუბარი და მათი დამშვიდება. ალბათ ამან განაპირობა ჩემი პროფესია, რადგან ბავშვებთან ერთ ენაზე საუბარი ყველაზე საინტერესოა. ჩემი პროფესიით 3 წელი ვიმუშავე და მერე მომიწია სხვა მიმართულებით წასვლა.
4 წლის წინ დაიწყეთ სათამაშოების შექმნა… პირველი სათამაშო…
– ქსოვა ბიცოლამ მასწავლა საკმაოდ პატარა ასაკში. უზომოდ შემიყვარდა, ვქსოვდი მაისურებს, ჟაკეტებს და ა. შ. შემდეგ საკმაოდ ხანგრძლივი პაუზა ავიღე და აღარ გავკარებივარ ჩხირებს და ყაისნაღს. ერთი კონკრეტული პლატფორმის თვალიერების დროს  წავაწყდი ნაქსოვ სათამაშოს და აქედან დაიწყო ჩემი დიდი ინტერესი ნაქსოვი სათამაშოების მიმართ. პირველად მოვქსოვე ბეჰემოთი და უზომოდ საყვარელი გამომივიდა. ქსოვის პროცესში მივხვდი, რომ ამ საქმის კეთება უზომო სიამოვნება და განტვირთვა იყო ჩემთვის.
მიყვარს  სირთულეების დაძლევა და რაც უფრო რთული სამუშაოა, მით მეტი განტვირთვაა ჩემთვის. სწორედ ამიტომ პატარა სათამაშოების ქსოვიდან  უფრო დიდი ბაჭიების ქსოვაზე გადავედი, თავისი ნაქსოვი ლუქით. ეს ყველაფერი სირთულე იყო ჩემთვის, რადგან, როგორც აღვნიშნე, ღრმა ბავშვობის შემდეგ არ მიქსოვია. მონდომებამ შედეგი გამოიღო და ჩემმა ბაჭიებმა ბავშვების სიყვარული დაიმსახურა.
– ძაფების და ქსოვილების გაცოცხლებით (როგორც თავად უწოდებთ) ქმნით სხვადასხვა სათამაშოს…. შთაგონება, გარემო თუ გჭირდებათ შესაფერისი მუშაობის დროს?
– კერვას რაც შეეხება, ეს კიდევ უფრო დიდი სირთულე იყო ჩემთვის, რადგან არასდროს ვმჯდარვარ საკერავ მანქანასთან და არც ხელით მიცდია  კერვა როდისმე… და აი, დავინახე იმგვარი თოჯინა, როგორსაც ახლა მე ვკერავ და მოვიწამლე. მივხვდი, მანამ არ გავჩერდებოდი, სანამ მსგავსს არ შევკერავდი.
მახსოვს, 1-2 წლის წინ საკერავი მანქანა რომ  შევიძინე, ხელოსანი მიხსნიდა, როგორ უნდა მომემართა სწორად ძაფი და მე ვიდეოს  ვუღებდი, რომ არ დამვიწყებოდა. შემდეგ დაიწყო ჩემთვის რთული გზა, რადგან დამოუკიდებლად დავიწყე კერვის სწავლა, თარგის აგება და ქსოვილებში გარკვევა. უამრავი ქსოვილი და თარგი დამჭირდა, რათა საბოლოოდ იმ შედეგზე გავსულიყავი, რომელიც მეც მომწონს და მომხმარებელიც აღფრთოვანებულია. შეკერილი თუ ნაქსოვი სათამაშო – რომელია უფრო ძვირფასი? ვერ გამოვყოფ და გამოვარჩევ, რადგან თითქოს უსულო ნივთებს სულს ვუდგავ, ვაცოცხლებ, ყველას თავისი ხასიათით ვამეტყველებ და ყველა მნიშვნელოვანია ჩემთვის
მუშაობა სიმშვიდეში მირჩევნია, თუმცა ჩემი 11 წლის ტყუპი ქალ-ვაჟი ამის საშუალებას არ მაძლევს.
თქვენს გვერდზე კონკურსი გქონდათ, ასევე – გათამაშება…
– მაქვს ჩემი ხელნაკეთის გვერდი –  NIN.artdolls/ნინის ხელნაკეთი თოჯინები, სადაც ამ ეტაპზეც ვათამაშებ უსაყვარლეს თოჯინას, თავისი მრავალფეროვანი ლუქით. მიხარია პატარებს და მათ დედიკოებს, დეიდებს  რომ მოსწონთ ჩემი ნამუშევარი. დიდი სიხარულით და მოლოდინით ერთვებიან გათამაშებაში.
მიკვეთავენ ასევე სხვადასხვა სათამაშოს, რომელსაც სპეციალურად მათთვის ვამზადებ და უზომო ბედნიერებაა, როცა სამადლობელ სიტყვებს მწერენ და აციმციმებულთვალებიან პატარების ფოტოებს მიგზავნიან გვერდზე. უღრმესი მადლობა ყველა მათ, ვინც თავისი ძვირფასი ადამიანის სიხარულს მანდობს.
– გყავთ მეუღლე და 10 წლის ტყუპი ქალვაჟი, ნატალი და ნიკოლოზი… ამბობთ, რომ ისინი თქვენი საქმიანობის პირველი შემფასებლები და გულშემატკივრები არიან…
– მყავს მეუღლე და 11 წლის ტყუპი ქალ-ვაჟი – ნატალი და ნიკოლოზი. ორივე ჩემი გულშემატკივარია ჩემ საქმიანობაში, მეუღლეც, რა თქმა უნდა. როცა ჩემს ხელნაკეთს უყურებს, მის თვალებში ვგრძნობ სიამაყეს. ნატალის ვატყობ, რომ  ხელოვანია, მაგრამ ჯერ ძიების პროცესშია და ერთი კონკრეტული არ აურჩევია, მაგრამ საინტერესო ხედვა აქვს. მეხმარება ფერების შეხამებაში თოჯინის სამოსისთვის, სამოსის დიზაინში, რჩევაც და შენიშვნაც საკმაოდ არგუმენტირებული აქვს. თანამედროვე თაობა საკმაოდ ნიჭიერია და მიხარია, ჩემი შვილებიც ამ თაობის წარმომადგენლები რომ არიან.
ასევე მინდა გაგაცნოთ ჩემი ახალბედა შვილობილი გვერდი ინსტაგრამზე – nin_art.dolls, რომელიც ჩემი შვილების რეკომენდაციით შევქმენი და საკმაოდ კარგი რჩევა იყო.
საკმაოდ რთულია, დღევანდელ დღეს იყო ხელოვანი და ხელით ქმნიდე შესანიშნავ პროდუქტს, ამ პროდუქტის შემქმნელები საკმაოდ ბევრნი რომ ვართ საქართველოში, მიხარია, მაგრამ ხელნაკეთის დაფასება ცოტა გვიჭირს ხალხს, რადგან დიდი შრომა და სირთულეა ჩადებული, ხარისხიანია, ხარისხიანი კი არასდროს იქნება იაფი.
–  ჰობი…
– სათამაშოების ქსოვა და კერვა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ვერც ჰობს დავარქმევ და ვერც – გატაცებას, რადგან ბევრად დიდი ადგილი დაიკავეს ჩემს ცხოვრებაში. ამის ძალას ჩემი საყვარელი გამომწერები და მომხმარებლები მაძლევენ. რომ არა მათი სითბო, სიყვარული და გვერდში დგომა, ამდენს ვერ შევძლებდი.
–  სამომავლოდ…
– დღევანდელ დღეს სამომავლო გეგმებზე საუბარი ცოტა რთულია, თუმცა, რა თქმა უნდა, მსურს მეტი განვითარება და უფრო ფართო აუდიტორიაზე გასვლა. ღვთის წყალობით, იმედია, ყველაფერი დალაგდება და ყველა ხელოვანი ჩვენი საყვარელი საქმით ვასახელებთ ჩვენს ქვეყანას.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები