ცესკოს წარმომადგენლები რუმინეთის საარჩევნო გამოცდილებას ეცნობიან

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თანამშრომლები საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით რუმინეთის გამოცდილებას ეცნობიან, – ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრა დღეს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და საქართველოში რუმინეთის ელჩმა რეზვან როტუნდუმ გახსნეს. მათ საარჩევნო საკითხებზე გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. „საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს მრავალწლიანი ურთიერთობა რუმინეთის საარჩევნო ადმინისტრაციასთან. მოხარულები ვართ, რომ თანამშრომლობის არეალი მნიშვნელოვნად ფართოვდება.
კერძოდ, რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით არაერთ აქტივობას ვახორციელებთ და დღეს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები გაეცნობიან რუმინეთის საარჩევნო გამოცდილებას სხვადასხვა საკითხთან და პროცედურასთან მიმართებაში. ასეთი სამუშაო შეხვედრები და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება საარჩევნო ადმინისტრაციას აძლევს შესაძლებლობას თავისი მომავალი საქმიანობა მაღალ პროფესიულ დონეზე განახორციელოს“, – აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.

„ხმის მიცემის უფლება არსებითად მნიშვნელოვანია დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ბოლო ათწლეულებია რაც საზღვარგარეთ მცხოვრები ამომრჩევლების მონაწილეობა არჩევნებში ამ უფლებისა და საარჩევნო პროცესის განუყოფელი კომპონენტი გახდა. რუმინეთს აქვს მდიდარი გამოცდილება ამასთან დაკავშირებით. ჩვენ 1992 წლიდან ვატარებთ არჩევნებს საზღვარგარეთ, და ვფიქრობთ, ეს შეხვედრა იქნება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის ძალიან საინტერესო და პერსპექტიული პროექტი, რადგან საქართველოსაც აქვს გარკვეული გამოცდილება ამ კუთხით და ჰყავს ბევრი ამომრჩეველი საზღვარგარეთ, მათი არჩევნებში მონაწილეობა კი პროცესის განუყოფელი ნაწილია“, – განაცხადა რუმინეთის ელჩმა.

შეხვედრის მონაწილეები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა საკანონმდებლო ჩარჩო, არჩევნების მზადებისა და ორგანიზების პროცესი, არჩევნების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციების თანამშრომლობა და სხვა. სამუშაო შეხვედრა ცესკოში დღეს რუმინეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს ეგიდით (RoAID) და საქართველოში რუმინეთის საელჩოსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები