რუსთავში ჟიული შარტავას სახელობის მულტიფუნქციური სკვერი გაიხსნა

რუსთავში კიდევ ერთი სკვერი გაიხსნა. მე-8 მიკრორაიონის N12 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ მოწყობილი ახალი რეკრეაციული სივრცე, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას სახელობის იქნება.

მრავალფუნქციურ რეკრეაციაში, 11000-მდე კვადრატულ მეტრ ფართობზე, საბავშვო და სპორტული სივრცეები, საფეხმავლო და ველობილიკები, გარე განათების სისტემა, ამფითეატრი და დასასვენებელი ზონებია მოწყობილი. დენდროლოგიური პროექტის ფარგლებში, კი ახალ სკვერში, 206 ძირი სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეა დარგული. პროექტის ღირებულება 1 მლნ 224 439 ლარია.

ახალი მულტიფუნქციურ სკვერი რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან ერთად გახსნა. სკვერის გახსნას, რუსთავის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანია და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

,,ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი ძალიან ლამაზი და გამწვანებული სივრცე შეემატა. სულ რამოდენიმე თვის წინ, როცა აქ მოსახლეობასთან შეხვედრაზე მოვდიოდით, ამ ადგილზე არაფერი არ იყო და მიხარია, რომ ამ უბნის მოსახლეობის თხოვნის შესრულება ასე მალე შევძელით. სწორედ მოსახლეობამ მოგვიყვა, რომ აქ ხშირად დადიოდა ჩვენი ეროვნული გმირი ჟიული შარტავა და სწორედ მისი სურვილი იყო, რომ ამ ტერიტორიაზე სკვერი გაშენებულიყო. ამიტომაც გაგვიჩნდა იდეა, რომ ეს ახალი რეკრეაციული სივრცე, ჟიული შარტავას სახელობის იყოს”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

სკვერის ტერიტორიაზე, ჟიული შარტავას ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო. ღონისძიება ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის კონცერტით – „ქართული კინომუსიკა” დასრულდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები