კულტურის სამინისტრომ თვითმოქმედი ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობის მიზნით კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსი „თვითმოქმედი ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობა“ გამოაცხადა.
„კონკურსის მიზანია თვითმოქმედი ფოლკლორული (ვოკალური ან/და ქორეოგრაფიული) ანსამბლების შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობა; თვითმოქმედი ფოლკლორული ანსამბლების პოპულარიზაცია და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზების გაუმჯობესება. კონკურსის ბიუჯეტია 100 000 ლარი.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ფიზიკურ პირს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს. კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა.
კონკურსის ფარგლებში, შესაძლებელია დაფინანსდეს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე საგასტროლო ტურნე.
ინფორმაციისთვის, 2021 წელს კონკურსის „თვითმოქმედი ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობა“ ფარგლებში სამინისტროში შემოსული იყო 24 საპროექტო განაცხადი, მათგან კი 9 პროექტი დაფინანსდა. კონკურსის ბიუჯეტი იყო 80 000 ლარი.
კონკურსის ფარგლებში გასულ წელს შემდეგი პროექტები განხორციელდა:
1. „მრავალჟამიერ“ – ანსამბლ „ჰერულას“ დაუფინანსდა სტუდიური კომპიუტერისთვის საჭირო კომპლექტისა და მუსიკალური საკრავების შეძენა (აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში მოქმედი ანსამბლი), განმახორციელებელი – ფ.პ. ვასილ პაპიაშვილი;
2. დაფინანსდა ანსამბლ „ლილესთვის“ საკონცერტო პორტატული აპარატურისა და კომპიუტერული ტექნიკის შეძენა, ასევე, სამინისტროს დაფინანსებით მათი კონცერტი „მუშთაიდის ბაღში“ გაიმართა, განმახორციელებელი – ა(ა)იპ საქართველოს ყრუთა კავშირი.
3. დაფინანსდა მომღერალ-მგალობელთა გუნდის „დიდგორი“ საკონცერტო ტურნე სამეგრელოში (8 კონცერტი) და კონცერტების ვიდეოგადაღება, კონცერტები შემდეგ ლოკაციებზე გაიმართა: აბაშა, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი, მარტვილი (სოფელი სალხინო), სენაკი (სოფელ მენჯის კულტურის სახლი), ჩხოროწყუ (სოფელი ახუთი), წალენჯიხა (სოფელი ჯგალი), ხობი (სოფელი ხეთა), ფოთი (დევნილთა დასახლება), ზუგდიდი (სოფელი ჯიხაშკარი), განმახორციელებელი – შპს მგალობელ-მომღერალთა გუნდი „დიდგორი“;
4. „ქართული ფოლკლორის ონლაინგადაცემები. ციფრული ტექნოლოგიები ფოლკლორის პოპულარიზაციისთვის“ – დაფინანსდა პორტატული ვიდეო და ხმის ჩამწერი მოწყობილობების შეძენა, ანსამბლ „სახიობას“ მიერ არქივებში მოძიებული სიმღერების ჩაწერა და გადაღება მათი მონაწილეობით, ჩანაწერები სხვადასხვა სოციალური ქსელით გავრცელდა, განმახორციელებელი – ა(ა)იპ ანსამბლი „სახიობა“.
5. „ჩემი საქართველო აქ არის“ – დაფინანსდა ანსამბლის „ბინული“ აუდიოდისკის ჩაწერა (15 სიმღერა), დამზადდა 300 დისკი, შემუშავდა დისკის დიზაინი, მოეწყო პრეზენტაცია და გავრცელდა ინტერნეტსივრცეში, განმახორციელებელი – ფ.პ. პაატა მელაძე.
6. ქალთა ანსამბლს „მარგალიტი“ დაუფინანსდა ხალხური საკრავების შეძენა, განმახორციელებელი – შპს ანსამბლი „მარგალიტი“.
7. „სოფლად ფოლკლორული ანსამბლის განვითარება“ – გაუმჯობესდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკალის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ბავშვთა ანსამბლისთვის დაფინანსდა ქართული საეკლესიო გალობის 37 წიგნის, ჭუნირის, ჩანგის და ხმის ჩამწერი მოწყობილობის შეძენა, ასევე, სამინისტრომ უზრუნველყო ანსამბლის სხვა ხარჯებიც, განმახორციელებელი – ფ.პ. ზურაბ ლიპარტელიანი.
8. დაფინანსდა ანსამბლ „ლაგუშედას“ აუდიოალბომის ჩაწერა, გავრცელება და ხალხური საკრავების შეძენა, განმახორციელებელი – ა(ა)იპ ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრი.
9. „უნიკალური რაჭული ფოლკლორის გადასარჩენად“ – დაფინანსდა ანსამბლ „ძირიანის“ მიერ მოძიებული და გაცოცხლებული უცნობი 14 სიმღერის ჩაწერა და ალბომის გამოშვება, განმახორციელებელი – ფ.პ. თორნიკე სხიერელ.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 21 ივნისიდან 2022 წლის 30 ივნისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით. საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო უცხოენოვანი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია ქართულენოვანი თარგმანი. ქართულ ენაზე თარგმნილი დოკუმენტები სანოტარო წესით უნდა იყოს დამოწმებული (გარდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული და რუსული ენებიდან თარგმანისა). კონკურსის შესახებ კონსულტაციები შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე – 577 27 00 60 (სამუშაო საათების განმავლობაში).
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2022 წლის 13 ივლისისა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ N7864 ბრძანება და ფორმულარები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau
საკონკურსო პირობები- https://cutt.ly/FKkEX5T

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები