კულტურის სამინისტრომ კლასიკური და ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტების, სასცენო სამოსის, მათ შორის აქსესუარების, ოსტატების ხელშეწყობის მიზნით კონკურსი გამოაცხადა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსი „მუსიკალური ინსტრუმენტების, ხალხური საკრავებისა და სასცენო სამოსის, მათ შორის ფეხსაცმლისა და აქსესუარების ოსტატთა ხელშეწყობა“ გამოაცხადა.
„კონკურსის მიზანია სასცენო სამოსის, აქსესუარების ან/და ფეხსაცმლის, კლასიკური ან/და ხალხური საკრავების ოსტატთა საქმიანობის ხელშეწყობა; სასცენო სამოსის, აქსესუარების ან/და ფეხსაცმლის, კლასიკური ან/და ხალხური საკრავების ოსტატთა სახელოსნოების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. კონკურსის ბიუჯეტია 150 000 ლარი.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ფიზიკურ პირს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს. აღნიშნულ კონკურსში კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა. კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს მის მიერ დამზადებული პროდუქციის ნიმუში.
2021 წელს მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ხალხური საკრავების ოსტატთა ხელშეწყობა კონკურსის „კლასიკური და ხალხური საკრავების ოსტატთა ხელშეწყობა“ ფარგლებში მოხდა, ხოლო სასცენო სამოსის (ფეხსაცმელი და აქსესუარები) ოსტატთა ხელშეწყობა კონკურსის „სასცენო სამოსის(ფეხსაცმელი და აქსესუარები) ოსტატთა ხელშეწყობა“ ფარგლებში. წელს კი, აღნიშნული მიმართულებები ერთი კონკურსის ფარგლებში გაერთიანდა.
2021 წელს კონკურსის „კლასიკური და ხალხური საკრავების ოსტატთა ხელშეწყობა“ ფარგლებში სამინისტროში სულ 11 განაცხადი შემოვიდა და მათგან ყველა პროექტი დაფინანსდა. კონკურსის ბიუჯეტი იყო 95 000 ლარი.
კულტურის სამინისტროს დაფინანსების შედეგად, შარშან, კონკურსის ფარგლებში შემდეგი პროექტები განხორციელდა:
1. დოლების სახელოსნო აღიჭურვა სახარატე დაზგით, განმახორციელებელი – ფ.პ. გიორგი გურგენიშვილი, თელავი, სოფელი ნაფარეული;
2. მუსიკალური ინსტრუმენტების დასამზადებელი სახელოსნო აღიჭურვა 22 დასახელების ელექტროხელსაწყოთი, განმახორციელებელი – ფ.პ. გიორგი ნიპარიშვილი, კასპი;
3. მუსიკალური ინსტრუმენტების დასამზადებელი სახელოსნო აღიჭურვა ვერტიკალური ლენტური ხერხით. განმახორციელებელი – ფ.პ. ვახტანგ ფილფანი, მესტიის მუნიციპალიტეტი;
4. მუსიკალური ინსტრუმენტების დასამზადებელი სახელოსნო აღიჭურვა ოცამდე დასახელების ხელსაწყოთი, განმახორციელებელი – ფ.პ. კარლო კელაპტრიშვილი.
5. მუსიკალური ინსტრუმენტების დასამზადებელი სახელოსნო აღიჭურვა 3 დაზგა-დანადგარით. განმახორციელებელი – ი.მ. ლევან ქავთარაძე, დუშეთი, დაბა ფასანაური;
6. მუსიკალური ინსტრუმენტების დასამზადებელი სახელოსნოსათვის დაფინანსდა ხის მასალის შეძენა უნიკალური ხელნაკეთი კონტრაბასის შესაქმნელად. განმახორციელებელი – ფ.პ. ლევან ცინცაძე.
7. მუსიკალური ინსტრუმენტების დასამზადებელი სახელოსნოსათვის დაფინანსდა კომპიუტერული ხის საჭრელი ფრეზის და სხვა ელექტროხელსაწყოების შეძენა. განმახორციელებელი – მცირე მეწარმე ნუგზარ შოგირაძე, ზუგდიდი, სოფელი ინგირი;
8. მუსიკალური ინსტრუმენტების დასამზადებელი სახელოსნოსათვის დაფინანსდა მასალისა და დაზგა-დანადგარების შეძენა. განმახორციელებელი – ფ.პ. ვახტანგ ქავთარაძე, ფასანაური;
9. დაფინანსდა დიპლიპიტოს და დაირის ერთადერთი ქალი ოსტატის სახელოსნოს რეაბილიტაცია და მისთვის ხელსაწყოების შეძენა. განმახორციელებელი – ფ.პ. ფატიმა თურმანიძე.
10. მუსიკალური ინსტრუმენტების დასამზადებელი სახელოსნოსათვის დაფინანსდა ჭიბონის ხის დეტალებისთვის დასამუშავებელი დაზგის შეძენა. განმახორციელებელი – ფ.პ. თემურ არძენაძე, ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი დანდალო;
11. მუსიკალური ინსტრუმენტების დასამზადებელ სახელოსნოს დაუფინანსდა დაზგების შეძენა. განმახორციელებელი – ფ.პ. გიორგი ფხალაძე.
ასევე, 2021 წელს ჩატარდა კონკურსი „სასცენო სამოსის (ფეხსაცმელი და აქსესუარები) ოსტატთა ხელშეწყობა“ რომლის ბიუჯეტი იყო 45 000 ლარი, შემოსული განაცხადების რაოდენობა იყო 5, ხოლო გამარჯვებული პროექტებისა – 4. კონკურსის ფარგლებში შემდეგი პროექტები განხორციელდა:
1. „სასცენო სამოსისთვის ქარგვის მიმართულების განვითარება“ – დაფინანსდა სასცენო სამოსის სახელოსნოსთვის საქარგავი, საკერავი ტექნიკისა და სხვა მასალების შეძენა, განმახორციელებელი – ფ.პ. ზურაბ შიოშვილი.
2. „თეატრალური კოსტიუმისა და აქსესუარების პროფესიული სკოლის მოდერნიზაცია“ – დაფინანსდა პროფესიული სკოლისთვის კვალიფიციური კადრების სასწავლო პროცესისთვის საჭირო კომპიუტერული ტექნიკის შეძენა, განმახორციელებელი – ა(ა)იპ თეატრალური კოსტიუმისა და აქსესუარების პროფესიული სკოლა.
3. „მოდური არტეფაქტები“ – დაფინანსდა ქართველ მეფეთა სამოსის ინსპირაციით ახალი სასცენო ფეხსაცმლის შექმნა და სხვადასხვა მასალების შეძენა, განმახორციელებელი – ფ.პ. ნინო მრელაშვილი.
4. „ღილკილო“ – დაფინანსდა ახალი ტექნოლოგიებით ქართული ტრადიციული აქსესუარის ღილკილოს ქსოვის აღდგენა-შენარჩუნება, ასევე, 3D დანადგარის, ხელსაწყოებისა და მასალების შეძენა, განმახორციელებელი – ფ.პ. რუსუდან ფიფია.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 8 ივნისიდან 2022 წლის 30 ივნისის 12:00 საათამდე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით. საკონკურსო დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო უცხოენოვანი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია ქართულ ენაზე თარგმანი.
ქართულ ენაზე თარგმნილი დოკუმენტები სანოტარო წესით უნდა იყოს დამოწმებული (გარდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული და რუსული ენებიდან თარგმანისა). კონკურსის შესახებ კონსულტაციები შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე: 577 27 00 60 (სამუშაო საათებში).
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ვებგვერდზე არაუგვიანეს 2022 წლის 13 ივლისისა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ N7864 ბრძანება და ფორმულარები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/FKkETm6