სოზარ სუბარი – 20 ივნისის აქციაზე: ბოლოში მაინც ვერ შეიკავეს თავი და ითქვა, რომ ხელისუფლება უნდა წალეკონ, მასობრივი დაუმორჩილებლობა უნდა იყოს
იგივე მოწოდებები გაისმა გუშინ, თავშეკავება იყო, მაგრამ ბოლოში მაინც ვერ შეიკავეს თავი და ითქვა, რომ ხელისუფლება უნდა წალეკონ, მასობრივი დაუმორჩილებლობა უნდა იყოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა 20 ივნისის აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, იმისათვის, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსი და კანდიდატის სტატუსი, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის პოლარიზაციის შემცირება.
“იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსი, კანდიდატის სტატუსი და პირველი არის სწორედ პოლარიზაციის შემცირება და პოლარიზაციის შემცირებასთან დაკავშირებით გუშინდელ მიტინგზე გამომსვლელების და მანამდე რა განცხადებებიც გაკეთდა, არის აბსოლუტურად საწინააღმდეგო იმის, რასაც ეს პირველი პუნქტი მოითხოვს და პირველი პუნქტი არის ერთადერთი, რაშიც ოპოზიციის მონაწილეობა არის სავალდებულო, დანარჩენი ყველაფრის შესრულება შეუძლია ხელისუფლებას. თუმცა, რა თქმა უნდა, სავალდებულო არ არის, მაგრამ სასურველი იქნება, ვითანამშრომლოთ ყველა პუნქტის შესრულებაში.
გუშინ თავშეკავება იყო, მაგრამ ბოლოში მაინც ვერ შეიკავეს თავი და ითქვა, რომ ხელისუფლება უნდა წალეკონ, მასობრივი დაუმორჩილებლობა უნდა იყოს. თუ გვინდა, მართლა გავერთიანდეთ ევროპაში, უნდა ვისწავლოთ კანონის მიხედვით ცხოვრება, კონსტიტუციის მიხედვით ცხოვრება, ვისწავლოთ თანამშრომლობა პოლიტიკურ ძალებს შორის და დაველოდოთ არჩევნებს, რომელიც 2024 წელს იქნება და იქ კიდევ ერთხელ ეტყვის ქართველი ხალხი ამ ოპოზიციას, სადაც არის მათი ადგილი“, – განაცხადა სუბარმა.