აშშ-ში 6 თვიდან ბავშვებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია გასცეს
აშშ-ის წამლების უვნებლობის სამმართველოს (FDA) საკონსულტაციო ჯგუფმა 6 თვის ასაკიდან ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო BioNTech/Pfizer და Moderna-ს ვაქცინების გამოყენების რეკომენდაცია ერთხმად გასცა.
ამის შესახებ The New York Times წერს.
Moderna-ს ორდოზიანი ვაქცინა რეკომენდებულია 6 თვიდან 5 წლამდე ბავშვებისთვის, ხოლო BioNTech/Pfizer-ის სამდოზიანი ვაქცინა – 6 თვიდან 4 წლამდე ბავშვებისთვის.
NYT აღნიშნავს, რომ FDA-ს ექსპერტების რეკომენდაცია არ არის საბოლოო, თუმცა, ამან მნიშვნელოვნად უნდა დააჩქაროს ვაქცინების დამტკიცების პროცესი. იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინებს FDA დაამტკიცებს, ნებართვა ასევე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმაც(CDC) უნდა გასცეს. მოსალოდნელია, რომ პრეპარატების საბოლოო დამტკიცება მიმდინარე კვირას მოხდეს.
ქვეყნის ხელისუფლებამ ვაქცინების მილიონობით დოზა უკვე შეუკვეთა, ხოლო გამოყენება ნებართვის გაცემისთანავე დაიწყება.