ისრაელში კორონავირუსის მეშვიდე ტალღაა – საავადმყოფოებში კოვიდგანყოფილებები ისევ იხსნება
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის მეშვიდე ტალღის დაწყების შესახებ განაცხადა. საავადმყოფოებში კორონავირუსული განყოფილებები ისევ იხსნება.
ჯანდაცვის სამინისტრო, ამ ეტაპზე, დახურულ საჯარო სივრცეებსა და ტრანსპორტში პირბადის სავალდებულო ტარების რეჟიმში დაბრუნებას არ გეგმავს, ნიღბის ტარება ნებაყოფლობითია.
ამ დროისთვის ქვეყანაში 46 921 ადამიანია ინფიცირებული, ყოველკვირეული ზრდა 21 062 პაციენტს შეადგენს. ჰოსპიტალიზებულია 572 პირი. მაგალითად, მხოლოდ 17 ივნისს ინფიცირების 7000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ნაჰმან ეშმა განაცხადა, ამჟამად, გავრცელებულია კორონავირუსის Omicron BA.5 ვარიანტი.
გართულებების მქონე ინფიცირებულთა 91% 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანია. პაციენტთა უმეტესობას დაავადება მსუბუქი ფორმით გადააქვს.
ნაჰმან ეშმა ასევე თქვა, რომ BA.5-ის ვარიანტს „ომიკრონის“ მსგავსი მახასიათებლები აქვს, იქნება ეს ინფექციურობა თუ გართულებები, ამიტომ, მკაცრი საკარანტინო ზომების ხელახალი დაწესება, ჯერჯერობით, საჭირო არ არის.
”რაც შეეხება პრევენციულ ზომებს, “ომიკრონმა” მათ მიმართ ჩვენი მიდგომა შეცვალა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ BA.5. ვარიანტი ძალიან გადამდები იქნება, არ არის საჭირო ისეთი შეზღუდვების შემოღება, როგორებიცაა ჩაკეტვა ან მსგავსი რამ”, – განმარტა პროფესორმა.