სერგეი გაიდაი: რუსები ლისიჩანსკი-ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ, ბრძოლა სევეროდონეცკის ინდუსტრიულ ზონაში მიმდინარეობს
ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკში ბრძოლები უკვე ინდუსტრიულ ზონაში მიმდინარეობს, უკრაინელი დამცველები აზოტის ქარხნის ტერიტორიას აკონტროლებენ, – ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.
მისი თქმით, ლუგანსკის ფრონტის მთელ ხაზზე ვითარება ძალზე რთულია, რუსულმა ჯარებმა დააგროვეს საკმარისი რეზერვები და ოლქში ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყეს.
„ოკუპანტები წინ მიიწევენ ლისიჩანსკი-ბახმუტის მარშრუტზე და მიმდებარე დასახლებები მუდმივი მტრის ცეცხლის ქვეშაა.
ლისიჩანსკი მთელი დღის განმავლობაში იტანჯება რუსული მასიური დაბომბვის შედეგად. მსხვერპლის რაოდენობის დადგენა ამ დროისთვის შეუძლებელია“, – განაცხადა სერგეი გაიდაიმ.