“რუსეთს არ აქვს უფლება, ლიეტუვას დაემუქროს” – კულება მოსკოვის მუქარას გამოეხმაურა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ, დასავლეთის სანქციების მტკივნეული შედეგების გამო, რუსეთი მხოლოდ საკუთარ თავს უნდა ადანაშაულებდეს.

ამის შესახებ მინისტრმა ვილნიუსისადმი მოსკოვის მხრიდან გამოთქმული მუქარის კომენტირებისას თქვა, რაც კალინინგრადის გავლით რუსული საქონლის ტრანზიტის ბლოკირებას უკავშირდება.

“რუსეთს არ აქვს უფლება, დაემუქროს ლიეტუვას. მოსკოვმა მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულოს უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის შედეგებზე. ვაფასებთ ლიეტუვის პრინციპულ პოზიციას და მტკიცედ ვდგავართ ჩვენი ლიეტუველი პარტნიორების მხარეს”, – დაწერა მინისტრმა.

18 ივნისს რუსეთის კალინინგრადის ოლქის გუბერნატორმა, ანტონ ალიხანოვმა განაცხადა, რომ ლიეტუვამ ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოხვედრილი საქონლის სატრანზიტო მატარებლების გატარება, საკუთარი ტერიტორიის გავლით, აკრძალა.

დღეს კი რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ “რუსეთი, ეროვნული ინტერესების დასაცავად ზომების მიღების უფლებას იტოვებს, თუ ლიეტუვა უახლოეს მომავალში კალინინგრადის რეგიონში ტვირთების სრულ ტრანზიტს არ განაახლებს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები