არჩილ თალაკვაძე: საქართველოს კონსტიტუციაში უწერია ევროპული არჩევანი და ეს მიზანი არ და ვერ შეიცვლება ვერანაირ მოცემულობაში
“საქართველოს კონსტიტუციაში უწერია ევროპული არჩევანი და ეს მიზანი არ და ვერ შეიცვლება ვერანაირ მოცემულობაში”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ევროკავშირთან თანამშრომლობა გაგრძელდება.
“რა გადაწყვეტილებაც მიიღო ევროკომისიამ, ამ მომენტში, ეს არის ბევრად უფრო რეალური მოცემულობა, ვიდრე სამი სრულიად განსხვავებული გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მოცემულობის მქონე ქვეყნის ერთ პაკეტად განხილვა იქნებოდა.
ევროპამ მთავარ პრობლემაზე – უკრაინაში მიმდინარე ომზე და, პირველ ყოვლისა, უკრაინის მხარდაჭერაზე გააკეთა აქცენტი, ჩვენთან მიმართებით კი თანამშრომლობის გაძლიერება და სტრატეგიული მოთმინება ამჯობინა, რადგან საქართველო არც ომის მდგომარეობაშია, არც ვინმესთან გაერთიანებას განიხილავს და ქვეყანა ყველა პარამეტრით სტაბილურად ვითარდება.
განვაგრძობთ თანამშრომლობას ევროკავშირთან და სწრაფვას საერთო ევროპული ოჯახისკენ. მიხარია, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ეს მიზანი გვაერთიანებს. ეს მუშაობის მოტივაციას გვაძლევს”, – წერს თალაკვაძე.