ლოჯისტიკის სასწავლო კურსი დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე “მიღების, განთავსებისა და ოპერაციის რაიონში გადაადგილების (RSOM) კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსი ჩეხეთის რესპუბლიკის მრავალეროვნული ლოჯისტიკის საკოორდინაციო ცენტრის (MLCC) მიერ სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე და ფოთში, პორტის ნავსადგურში ჩატარდა.

“სასწავლო პროგრამა პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობებს მოიცავდა. ორი კვირის განმავლობაში მსმენელებმა შეისწავლეს როგორც სამშვიდობო ოპერაციების, ასევე საომარი მოქმედებების დროს ოპერაციის რაიონში ტვირთებისა და პირადი შემადგენლობის მიღება, განთავსება და გადაადგილება. მსმენელებმა ნატოს და პარტნიორი ქვეყნების განახლებული ლოჯისტიკური პროგრამების შესახებაც მიიღეს ინფორმაცია. კურსი საქართველოსა და ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში ჩეხი ინსტრუქტორების მიერ ჩატარდა.

სასწავლო კურსი ლოჯისტიკის თანამედროვე პროგრამების გაცნობას და ლოჯისტიკური ოპერაციების შესრულებას ისახავდა მიზნად. ღონისძიებას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები