საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს შტაბ-ბინაში ლიეტუველ და პოლონელ კოლეგებს შეხვდა

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ბელგიის სამეფოში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. ჯუანშერ ბურჭულაძე ლიეტუვის და პოლონეთის რესპუბლიკების თავდაცვის მინისტრებს შეხვდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოლეგებს შორის საუბრის მთავარი თემა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული რუსული აგრესია, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები იყო. მინისტრმა განაცხადა, რომ მძიმე უსაფრთხოების გარემოსა და გაზრდილი საფრთხეების ფონზე, დასავლელ პარტნიორებთან კავშირების განმტკიცება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

უწყების ცნობით, არვიდას ანუშაუსკასთან შეხვედრაზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორობაზე, ურთიერთნდობასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. მან ლიეტუვას ჩვენი ქვეყნის ურყევი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრობა. მინისტრებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო წვრთნებსა და სწავლებებში ლიეტუვას მონაწილეობაზე, საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესსა და ამ პროცესში ლიეტუვას მხარდაჭერაზე, ასევე სტრატეგიული კომუნიკაციებისა და კიბერთავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ მარიუშ ბლაშჩაკთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა. მინისტრმა პოლონურ მხარეს წლების განმავლობაში საქართველოს მიმართ გამოხატული მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა მინისტრებმა თავდაცვის სფეროში საქართველოსა და პოლონეთს შორის მიმდინარე თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს და მისი გაღრმავების იმედი გამოთქვეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში პოლონეთის წვლილი, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციისა და სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებაში პოლონეთის აქტიური ჩართულობა, ასევე, ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში კონტრიბუცია ხაზგასმით აღნიშნა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ლიეტუველი და პოლონელი კოლეგები საქართველოში მოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები