გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები უკრაინის დელეგაციას შეხვდნენ

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები უკრაინის დელეგაციას შეხვდნენ, რომლის შემადგენლობაში სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიოდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომზე, საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრა საბჭოს ფორმატში გაიმართა.

„მათი მხრიდან მოვისმინეთ ის სულისშემძვრელი ფაქტები, რასაც რუსეთი მიერ წარმოებული უსასტიკესი ომის შედეგად ადგილი აქვს უკრაინაში გოგონების, ქალების, ოჯახების და საერთოდ, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. ჩვენ ვისაუბრეთ იმ ძლიერ მეგობრულ ურთიერთობაზე, რომელიც აკავშირებს ქართველ და უკრაინელ ხალხს და საქართველო, სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში, ყოველთვის გამოხატავს უკრაინის მხარდაჭერას.
შეხვედრაზე, ასევე, ვისაუბრეთ ჩვენი უკრაინელი სტუმრების მიერ განხორციელებულ პროექტებზე. მე, ჩემს კოლეგებთან, პარლამენტის წევრებთან ირაკლი ბერაიასთან და ალეკო ელისაშვილთან ერთად ვიმყოფებოდი ხერსონში, რომელიც ერთ-ერთი პირველი გახდა რუსეთის საომარი მოქმედებების დარტყმის ობიექტი და მონაწილეობა მივიღეთ მათ მიერ მოწყობილ გამწვანების აქციაში. დარწმუნებული ვარ, ეს აქცია საქართველოშიც წარმატებით გაიმართება და ჩვენ ვიპოვით არაერთ გზას იმისთვის, რომ ის უდიდესი დახმარება, რომელსაც საქართველო უკრაინას უწევს კიდევ გაგრძელდეს და იყოს მდგრადი და მიზნობრივი ხასიათის”, – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ტალიაშვილმა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი ხატია წილოსანი და პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები