ირაკლი ქადაგიშვილი – არახამიას განცხადებაზე: ეს უკვე არ არის შემთხვევითობა, ეს არის მიზანმიმართული შურისძიებითი ქმედება საქართველოს დასაზიანებლად
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „რუსული კომპანიები ქართულ სუბიექტებს სანქციების ასარიდებლად იყენებენ”.
ქადაგიშვილის შეფასებით, აღნიშნული განცხადება საქართველოს აზიანებს.
„ეს უკვე არ არის შემთხვევითობა, ეს არის მიზანმიმართული შურისძიებითი ქმედება საქართველოს დასაზიანებლად. ამავდროულად, მათ მიაჩნიათ, რომ თუ საქართველო დაზიანდება, ეს აქ რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც პირდაპირ კავშირში არის მათთან და ალბათ ისინი აძლევდნენ თავის დროზე იმედს, რომ საქართველო იქნებოდა მეორე ფრონტი, გზას გაუხსნის ხელისუფლებისკენ. ეს არის მთელი ამ ანტიქართული პოლიტიკის შინაარსი. ამას ჰქვია არა ფაქტებით საუბარი, არა რეალური მოვლენების შეფასება, არამედ – შექმნილი აღქმების პროპაგანდირება და აღქმებით დამკვიდრებული „რეალობის“ წარმოჩენა. სწორედ ამ აღქმებს ემსახურება ასეთი მძიმე ბრალდებების განუწყვეტელი პროპაგანდა ყოველგვარი საბუთის გარეშე“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.