ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებით მივიღოთ ის, რასაც ვგეგმავთ, ანუ კომპანია „ბორჯომის“ ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული, საქართველოს სახელმწიფოს არ ჰქონდეს ისეთი ვალდებულებები, რომელსაც შეიძლება, გარკვეული პრობლემების შექმნა გამოეწვია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო რაიმე დაფარული რისკის არსებობის შემთხვევაში სრულად დაცული იქნება.
“ეს ხელშეკრულებაში მკაფიოდ არის განსაზღვრული და მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე იურიდიული ნიუანსია, რომელიც არ არის გათვალისწინებული, სახელმწიფო სრულად დაზღვეულია, დაზღვევის შესახებ პასუხისმგებლობა ხელშეკრულებაში არის და ამ შემთხვევაში ბათილი ხდება გარიგება თუ რაიმე სხვა ტიპის დაფარული რისკი შეიძლება არსებობდეს”, – აღნიშნა დავითაშვილმა.
მისივე განცხადებით, კომპანიაში სრული კონტროლის დამყარება სახელმწიფოს შეუძლია.
“მმართველობაში სახელმწიფო, როგორც მოგახსენეთ, წარმოდგენილი იქნება ერთი ხმის უფლების მქონე დირექტორით, რომელიც ასევე იქნება მმართველთა საბჭოს ხელმძღვანელი, დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი, კონკრეტულად მას ექნება წარმმართველი როლი. ორი დირექტორი ეყოლება „ერასმონი ლიმიტედს“, ორი დირექტორი მეორე მსხვილ აქციონერს Black Waters Limited-ს და ერთი აქციონერი, რომელიც გადამწყვეტი ხმის მქონეა, ეს არის დირექტორთა საბჭოს წევრი და მას წარმოადგენს სახელმწიფო. შესაბამისად, კომპანიაში სრული კონტროლის დამყარება სახელმწიფოს შეუძლია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.