სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა გაცვლითი პროგრამა (JCET) დაასრულეს
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში დასკვნითი სწავლება ვაშლიჯვარში, სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე ჩაატარეს, სადაც ქართველ სამხედროებთან ერთად მონაწილეობას პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებიც იღებდნენ.
უწყების ცნობით, ორკვირიანი სწავლება სხვადასხვა სასწავლო კომპონენტებს მოიცავდა, მათ შორის იყო ტაქტიკური მომზადება, ახლო მანძილზე სროლის კურსი, ბარიერებიდან სროლა და ბრძოლები დასახლებულ პუნქტში.
“სპეციალური ოპერაციების ძალებში გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები (JCET) სისტემატურად ტარდება და მასში ქართველ სამხედროებთან ერთად მონაწილეობას ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებიც იღებენ. სწავლების მიზანს გამოცდილების გაზიარება და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება წარმოადგენს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.