დიმიტრი ხუნდაძე – რეზოლუციაზე: საქართველოს დამოუკიდებლობა კვლავ საფრთხის ქვეშ დადგა! რა განსხვავებაა ჩვენთვის, ვინ იქნება მბრძანებელი, თუკი კვლავ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მოგვიწევს?!
გუშინდელი დღე დემოკრატიისა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარების დემონსტრირება არ იყო – გვქონდა განცდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა კვლავ საფრთხის ქვეშ დადგა!, – ამის შესახებ ნათქვამია უმრავლესობის დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაში, რომელიც “ინტერპრესნიუსს” წერილობითი სახით თავად დეპუტატმა მიაწოდა. ხუნდაძე ასეთ შეკითხვას სვამს: “რა განსხვავებაა ჩვენთვის, ვინ იქნება მბრძანებელი, თუკი კვლავ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მოგვიწევს?!”.
“დიახ, სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა და მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანის უარყოფა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობაა. ვერც ბიძინა ივანიშვილს და ვერც ქართულ სახელმწიფოს სანქციების მუქარით ვერავინ შეაშინებს. პირიქით, გუშინდელმა დღემ ლამის დაანგრია ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი. ეს სახიფათო პოლიტიკური თამაშია. დღევანდელმა გლობალურმა პროცესებმა კიდევ უფრო ნათელი გახადა ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრობა არ არის მხოლოდ საქართველოს მომავლის პერსპექტივა, ეს თავად ევროპის პერსპექტივაც არის. რაც შეეხება ევროკავშირის მოახლოებულ გადაწყვეტილებას, თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას”, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.