საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი ჭიჭინაძემ და კომიტეტის წევრებმა თურქეთ – საქართველოს ბიზნეს ფორუმის – ,,ჩვენებურები” მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი ჭიჭინაძემ, კომიტეტის წევრებმა და თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრმა, ანზორ ბოლქვაძემ, თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართული ისტორიული დიასპორის ინიციატივით და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით პირველად გამართულ თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმის – „ჩვენებურები”, მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა.

პარლამენტის ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გახსნა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ასზე მეტი თურქი მეწარმე, პოტენციური ინვესტორი და თურქეთის სხვადასხვა რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი ეწვია.

ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა – ლევან დავითაშვილმა, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში – ფატმა ჯერენ იაზგანმა და ღონისძიების თანაორგანიზატორმა, საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარემ – ოსმან თურანმა. ბიზნეს-ფორუმი მიზნად ისახავდა საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ თურქეთის ბიზნეს-სფეროს წარმომადგენელთა ინფორმირებას, ასევე, თურქეთში მცხოვრები ქართული დიასპორის ხელშეწყობით საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას. ფორუმზე ხაზი გაესვა საქართველო – თურქეთის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას, ვინაიდან თურქეთი საქართველოს მთავარი რეგიონალური ეკონომიკური პარტნიორი და სტრატეგიული მოკავშირე ქვეყანაა. ქართული მხარე მეზობელი ქვეყნის ინვესტორებს დივერსიფიცირებულ და მრავალფეროვან საინვესტიციო გარემოს სთავაზობს სხვა და სხვა მიმართულებებით. აღინიშნა, რომ ამ კუთხით სრულყოფილად უნდა იქნას გამოყენებული თურქეთში ქართული ისტორიული დიასპორელების – „ჩვენებურების” საინვესტიციო პოტენციალი, რაც მნიშვნელოვნად არის წარმოდგენილი თურქეთის ეკონომიკურ და ბიზნეს სექტორში. აღინიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები კიდევ უფრო გააღრმავებს ორმხრივ ურთიერთობებს, თურქეთში მცხოვრები ქართული დიასპორის ხელშეწყობით საქართველოში ინვესტიციების მოზიდვასა და ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას.

ფორუმის მიმდინარეობისას საქართველოს დარგობრივი სამინისტროებისა და სახელმწიფო სააგენტოების წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს საქართველოს სამეწარმეო გარემო, კერძო სექტორისთვის და უცხოელი ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომი მექანიზმები, ბიზნესის ხელშეწყობის თვალსაზრისით ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები. ფორუმის ფარგლებში ასევე მოხდა საქართველოში უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების წარდგენა. ბიზნეს-ფორუმი ჩვენებურები საქართველოსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავს მიეძღვნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები