ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში ეწერა „უხეში ტყუილი“, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას სამოქალაქო კლინიკაში არ გადაჰყავს
ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში ეწერა „უხეში ტყუილი“, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას არ გადაჰყავს სამოქალაქო კლინიკაში და ეს დეტალი უშუალოდ კენჭისყრის წინ იქნა ამოღებული რეზოლუციის ტექსტიდან, – ამის შესახებ ინფორმაციას “POSTV – ანალიტიკა” აქვეყნებს.
“როგორ მოხვდა “უხეში ტყუილი” სააკაშვილის შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის დრაფტში?!
ევროპარლამენტის მიერ 9 ივნისს საქართველოზე მიღებული რეზოლუციის ირგვლივ საკმაოდ უცნაური დეტალები ხდება ცნობილი, როგორც ირკვევა, რეზოლუციის დრაფტში ეწერა „უხეში ტყუილი“, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას არ გადაჰყავს სამოქალაქო კლინიკაში და ეს დეტალი უშუალოდ კენჭისყრის წინ იქნა ამოღებული რეზოლუციის ტექსტიდან. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ ჯერ კიდევ 12 მაისს იქნა გადაყვანილი. შესაბამისად, რეზოლუციის დრაფტში მიხეილ სააკაშვილზე აღნიშნული ჩანაწერის გაჩენა საკმაოდ ბევრ ეჭვს აღძრავს. არ არის გამორიცხული, რეზოლუციის ტექსტში არსებული სხვა უზუსტობების შესახებაც უახლოეს მომავალში კონკრეტული დეტალები გახდეს ცნობილი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.