ევროკომისია, სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს გეგმავს, ოფიციალური რეკომენდაცია გასცეს უკრაინის ევროკავშირში წევრობის კანდიდატობაზე. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის თანახმად, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა არ ეთანხმება, რომ უკრაინას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. სააგენტოს ცნობით, წინააღმდეგნი არიან დანია და ნიდერლანდები, ხოლო გერმანია წევრ ქვეყნებს სთავაზობს უკრაინას სტატუსი გარკვეული პირობებით მიენიჭოს.
კოპენჰაგენში დარწმუნებულები არიან, რომ კიევი ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნებს. კერძოდ, კრიტერიუმებს, რომლებიც ეხება ინსტიტუტების სტაბილურობას, დემოკრატიულობის გარანტიებს, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების პატივისცემასა და უმცირესობების დაცვას. კიევს მოეთხოვება “პრინციპულად გააუმჯობესოს საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ბაზა”, – წერს სააგენტო.
ამის პარალელურად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობა დადებითად აფასებს ოფიციალური კიევის განაცხადს.
8 ივნისს, ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე პოლონეთმა, ირლანდიამ და ლიეტუვამ ქვეყნებს უკრაინის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდეს, ესტონეთის წარმომადგენლებმა კი კიევისთვის იმედის მიცემის აუცილებლობაზე მიანიშნეს.
საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის ლიდერები 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ. როგორც გამოცემა წერს, დაჩქარებული წესით სტატუსის მიღების გზა არ არსებობს და უკრაინამ ჯერ კიდევ უნდა გადალახოს წევრი ქვეყნების ბლოკის გაფართოებასთან დაკავშირებული წინააღმდეგობები.