ალუდა ღუდუშაური – ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ვიწრო პოლიტიკური პრიზმიდან ნაკარნახევი გადაწყვეტილება პირდაპირ ურტყამს იმ ღირებულებებს, რაზეც ევროპული დემოკრატია დგას
ვიწრო პოლიტიკური პრიზმიდან ნაკარნახევი გადაწყვეტილება, რომელიც გვაქვს სახეზე, პირდაპირ ურტყამს იმ ღირებულებებს, რაზეც დგას ევროპული დემოკრატია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამორალურია, როდესაც გეუბნებიან, რომ დემოკრატიის და მედიის მაღალი სტანდარტი სააკაშვილი-გვარამიას სტანდარტია.
„სრულიად ნათელია, რომ არაფერი საერთო არც სიმართლესთან, არც ევროპულ ღირებულებებთან, არც ობიექტურობასთან არაფერი საერთო არ აქვს. როცა ვამბობთ, რომ ჩვენი ადგილი არის ევროპულ დიდ ოჯახში, ეს გულისხმობს სიმართლის თქმას და დემოკრატიის განვითარებას. ვიწრო პოლიტიკური პრიზმიდან ნაკარნახევი გადაწყვეტილება, რომელიც გვაქვს სახეზე, პირდაპირ ურტყამს იმ ღირებულებებს, რაზეც დგას ევროპული დემოკრატია. ჩემთვის სრულიად გაუგებარია და მე ვიტყოდი – ამორალურია ის ყველაფერი, როცა გეუბნებიან, რომ დემოკრატიის და მედიის მაღალი სტანდარტი ყოფილა სააკაშვილი-გვარამიას სტანდარტი, რომლებიც პირდაპირ შტურმს ახორციელებდნენ მედიაზე, ფიზიკურად ძალადობდნენ, ნულოვანი იყო პლურალიზმი მედიაში ამ დროს და ერთი კრიტიკული ხმაც არ ისმოდა”, – განაცხადა ღუდუშაურმა.