საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ საქართველოსა და მოლდოვისთვის არალეტალური სამხედრო დახმარების გაზრდა იგეგმება.
როგორც ბორელმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, დღეს უკრაინის, საქართველოს, მოლდოვასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.
„ჩვენ დავაყენეთ საკითხი, გავზარდოთ არალეტალური სამხედრო დახმარების ზომების საქართველოსა და [მოლდოვას რესპუბლიკის] სასარგებლოდ. ის ხელს შეუწყობს ლოჯისტიკის, კიბერთავდაცვის, სამხედრო სამედიცინო, საინჟინრო და მობილობის შესაძლებლობებს. ჩვენ მათ ივნისში წარვადგენთ, რათა საბჭომ ივლისში მიიღოს.
ომი უნდა დასრულდეს კიევისთვის მისაღები პირობებით და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ევროკავშირი მტკიცედ აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ამ ომის მოსაგებად. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებული აგრესიის კონტექსტში, სტრატეგიული კომპასი აშკარად ხაზს უსვამს ჩვენს განზრახვას, გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორებთან. უკრაინის, საქართველოს, მოლდოვასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას და მათთან კავშირების განმტკიცებას“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.