რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის მოთხოვნები დასავლეთის მხრიდან მოწინავე რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით ყოველგვარ ზღვარს სცილდება და პირდაპირ პროვოკაციას წარმოადგენს.
„ისეთი რისკები, [მესამე ქვეყნების უკრაინის კონფლიქტში ჩართვის] რომელსაც კიევის რეჟიმი მისი დასავლელი პატრონებისგან ასე კატეგორიულად ითხოვს, მე ვიტყოდი, რომ პირველ რიგში, ყოველგვარ ზღვარს, წესიერებისა და დიპლომატიური კომუნიკაციის ნორმებს სცილდება. ასევე, ეს არის პირდაპირი პროვოკაცია, რომელიც დასავლეთის საომარ მოქმედებებში ჩაბმას ისახავს მიზნად. რა თქმა უნდა, საღად მოაზროვნე დასავლელ პოლიტიკოსებს ესმით ეს რისკები, თუმცა ყველას არა“, – განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, ევროკავშირში, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ ნაწილში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც თავიანთი ამბიციების დასაკმაყოფილებლად ყველაფრისთვის მზად არიან.
„ევროკავშირის სერიოზული ქვეყნები, რა თქმა უნდა, მსგავსი სცენარის უარყოფით მხარეს კარგად იაზრებენ და ჩვენ ახლახანს ვაშინგტონისგან გონივრული შეფასებების ნიშნები მოვისმინეთ“, – განაცხადა ლავროვმა საუდის არაბეთში გამართულ პრესკონფერენციაზე.