„რუსეთს საქართველოსა და კავკასიაში ახალი კონფლიქტისათვის არ სცხელა“ – ზაალ კასრელიშვილი ე.წ. რეფერენდუმის შეჩერებაზე
„რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას საქართველოსა და კავკასიაში ახალი კონფლიქტისათვის არ სცხელა“ – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა, “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
კასრელიშვილი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის შეჩერებას გამოეხმაურა.
„მოგეხსენებათ, ცხინვალში ე.წ. რეფერენდუმი უნდა ჩატარებულიყო და დე ფაქტო ახალმა პრეზიდენტმა, რა თქმა უნდა, მოსკოვის შენიშვნების გამო ის გადადო. ვფიქრობთ, კარგია, რომ მოსკოვმა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას ნება არ დართო, ე.წ. რეფერენდუმი ჩაეტარებინა. ამის ობიექტური და სუბიექტური მიზეზები არსებობს. რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას საქართველოსა და კავკასიაში ახალი კონფლიქტისათვის არ სცხელა.
გვინდა, ვივარაუდოთ, დიდი იმედი გვაქვს, რომ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ აპირებს, საქართველოსთან ისედაც გართულებული ურთიერთობა კიდევ უფრო გაართულოს, რადგან ამას მთელს კავკასიაში სერიოზული გართულებები მოჰყვება. იმისათვის, რომ ეს ვერსია დავიჯეროთ, აუცილებელია, კრემლმა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას და ცხინვალის დე ფაქტო ხელმძღვანელობას საქართველოს ხელისუფლებასთან პირდაპირი დიალოგი დაავალოს. მით უმეტეს, დღევანდელ ხელისუფლებასთან, რომელსაც მშვიდობიანი განვითარების კურსი აქვს გაცხადებული – რომ ცხინვალსა და აფხაზეთში ძალას არ გამოიყენებს. ამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები შეიძლება.
წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავთვლით, რომ ე.წ. რეფერენდუმი, ზეწოლა, საქართველოს ბულინგი რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დროებით გადადო, მანამ, სანამ უკრაინაში ძალიან დაძაბული ვითრება აქვს“ – განაცხადა კასრელიშვილმა.
ცნობისთვის, ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილებით, რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს უნდა ჩატარებულიყო. ბიბილოვის შესაბამისი ე.წ. განკარგულების წარმოება მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა შეაჩერა. გაგლოევმა შემდგომი ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით რუსეთთან კონსულტაციების გამართვა გადაწყვიტა.