ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დეპუტატებმა №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფი ბავშვები მოინახულეს
პარლამენტის წევრები ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას ესტუმრნენ და ბავშვებს საჩუქრები გადასცეს.
პარლამენტის ინფორმაციით, დეპუტატებმა მოინახულეს დაწესებულება, გაეცნენ იქ არსებულ პირობებს, სადაც არასრულწლოვნები იმყოფებიან, ისაუბრეს მათთან, რამდენად არის დაცული მათი უფლებები, აქვთ თუ არა პრობლემები, როგორია მათი მოლოდინები და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დაწესებულების დატოვების შემდეგ არასრულწლოვნებმა შეძლონ საზოგადოებაში ღირსეული ადგილის პოვნა.
„მნიშვნელოვანია, საზოგადოებას შევახსენოთ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი საზოგადოების წევრები არიან ბავშვები, რომლებიც აქ იმყოფებიან და განსაკუთრებული მოლოდინით შესცქერიან მომავალს. მათთვის მხარში დადგომა, გამხნევება, ასეთი ვიზიტები არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. მინდა, მადლობა გადავუხადო იუსტიციის სამინისტროს, რომ აქ რეალურად დაგვხვდა პირობები, რომლითაც აუცილებელია უზრუნველყოფილნი იყვნენ ეს ბავშვები”,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ბავშვთა უფლებები არა მარტო საერთაშორისო დღეს, არამედ ყოველდღიურად უნდა იყოს დაცული. მისივე ინფორმაციით, დაწესებულებაში მყოფ თითოეულ ბავშვს ექნება შესაძლებლობა, დაუკავშირდნენ პარლამენტის წევრებს.
„დაწესებულებაში მყოფ ბავშვებს თავიდან ცოტა გაუჭირდათ ინტერაქცია, ალბათ, მორიდების გამო, თუმცა მალევე გაიხსნენ და ვისაუბრეთ ძალიან ბევრ თემაზე. მათ გააზრებული აქვთ აქამდე დაშვებული შეცდომა და ფიქრობენ, რომ შეძლებენ სწორად დაგეგმონ საკუთარი მომავალი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაში დავეხმარებით და რა საჭიროებაც და რისი საშუალებაც იქნება, მათზე ვიზრუნებთ. ბავშვებს დავუტოვეთ საკუთარი ტელეფონის ნომრები. იმის მიხედვით, თუ რა მიმართულებით სურთ პროფესიის არჩევა, დარგობრივად, თითოეულ დეპუტატს ექნება თითოეულ ბავშვთან თემატური ურთიერთობა”, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარი არასრულწლოვანთა განათლების საკითხით დაინტერესდა.
„ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ბავშვების საგანმანათლებლო მიმართულებით განვითარება. როგორც მოვისმინეთ, მათ აქვთ სრული შესაძლებლობა, მიიღონ კარგი განათლება და შემდეგ უკვე რესოციალიზაცია მოახდინონ საზოგადოებაში. ბავშვებს გავაცანით ჩვენი ინიციატივები. ასეთი ტიპის ვიზიტებს მუდმივად გავაგრძელებთ მომავალშიც”,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.