Welt: ბოლო თვეების მანძილზე გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარება მინიმუმამდე დაიყვანა
მიუხედავად გერმანიის დაპირებისა, უკანასკნელი 9 კვირის განმავლობაში მან უკრაინის სამხედრო დახმარება მინიმუმადე დაიყვანა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Welt ავრცელებს.
19 აპრილს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას მძიმე იარაღს არ მიაწოდებს, ვინაიდან ამას არც სხვა ქვეყნები აკეთებენ – მაგალითად აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი. როგორც ცნობილია, რამდენიმე კვირის განმავლობაში შოლცი იმეორებდა, რომ კიევის მხარდაჭერა გრძელდება, ხოლო ბოლო მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში აღნიშნა: „პუტინი მშვიდობიან მოლაპარაკებაზე მხოლოდ მაშინ წავა, თუ გაიგებს, რომ ვერ გატეხავს უკრაინის თავდაცვას. ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას“.
მაგრამ მედიის ხელთ არსებული საბუთები მოწმობს, რომ გერმანიას უკრაინისთვის მძიმე იარაღი მარტის ბოლოდან თითქმის არ მიუწოდებია.
30 მარტიდან 26 მაისამდე პერიოდში, უკრაინაში გერმანულმა ხელისუფლებამ იარაღის მხოლოდ ორი პარტია გაგზავნა. კერძოდ, გერმანიამ გააგზავნა – 3000 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი და კიდევ 1600 სპეციალიზირებული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, ნაწილები ტყვიამტყორცნისთვის და სხვა წვრილი ასაფეთქებლები.
Welt-ის გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა: ინფორმაცია კონკრეტული იარაღების მიწოდებაზე უსაფრთხოებას ეხება და დაფარულია, ამიტომ გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ, რომ ვერ წარმოგიდგენთ დაწვრილებით ინფორმაციას და ვერც გიდასტურებთ“.