სერგეი გაიდაი: უკრაინელი სამხედროები შესაძლოა, სევეროდონეცკიდან გავიდნენ, რათა ალყაში მოხვედრა თავიდან აიცილონ

უკრაინის ჯარები შესაძლოა, სევეროდონეცკიდან გავიდნენ, რათა მტრის მიერ ალყაში მოქცევა თავიდან აიცილონ, – ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

„რუსები უახლოეს დღეებში ლუგანსკის ოლქის აღებას ვერ შეძლებენ, ანალიტიკოსების ვარაუდით, ჩვენ გვექნება საკმარისი ძალები და საშუალებები თავის დასაცავად. თუმცა იმისთვის, რომ არ აღმოვჩნდეთ ალყაში, არ არის გამორიცხული, რომ უკან დახევა მოგვიწიოს“, – აღნიშნა გაიდაიმ.

მისი თქმით, სევეროდონეცკი „არ არის მოწყვეტილი, ქალაქის მიდამოებში ბრძოლები გრძელდება“.

„რუსები სასტუმრო „მირის“ და ავტოსადგურის ტერიტორიაზე შევიდნენ“, – განაცხადა სერგეი გაიდაიმ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ლისიჩანსკ-ბახმუტის გზატკეცილზე, მუდმივი დაბომბვის გამო, მოძრაობა სახიფათოა.

„ისინი, ვინც ლუგანსკის ოლქის თავისუფალ ტერიტორიაზე დარჩნენ, მუდმივად თავშესაფრებში არიან, დაბომბვის სიმკვრივის გამო თითქმის შეუძლებელია გარეთ გასვლა. ჩვენ ხალხს ვაძლევთ საჭირო ნივთებს გადარჩენისთვის“, – აღნიშნა ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები