ზელენსკი: მსოფლიო ლიდერები რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობისთვის ემზადებიან
მსოფლიო ლიდერები უკრაინაში რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობისთვის ემზადებიან.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინდონეზიის ანალიტიკურ ცენტრში – Foreign Policy Community of Indonesia გამოსვლისას თქვა.
„რუსი სახელმწიფო პროპაგანდისტები ღიად იმუქრებიან ბირთვული იარაღით. მსოფლიო პოლიტიკოსები რუსეთის მიერ ეგრეთ წოდებული ტაქტიკური ბირთვული ან ქიმიური, ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობისთვის ემზადებიან“, – განაცხადა მან.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამან შესაძლოა, გამოიწვიოს მასობრივი განადგურების იარაღის მიმართ სხვადასხვა სახელმწიფოს დამოკიდებულების შეცვლა.
„თუ რუსეთი ბირთვულ შანტაჟს მიმართავს, მაშინ შესაძლოა, ლოგიკური ჩანდეს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ძალამ თავად შეიძინონ ბირთვული იარაღი. მსუბუქად რომ ვთქვათ, ეს სახიფათოა მთელი მსოფლიოსთვის“, – თქვა მან.